გიორგი გობრონიძე: თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ მიიღებენ გადიდგულებულ რუსეთს

“თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ გადიდგულებულ რუსეთს. მთავარი ის იქნება, ვის ხელში იქნება ინიციატივა, თუ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ – ინიციატივა იქნება ევროკავშირის ხელში და ეს ჩვენთვის კარგია”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ევროკავშირი ახლა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს მართებულად თუ რუსეთის განწყობების პირისპირ გადამწყვეტი სიტყვის თქმას.

“ჩვენ ნამდვილად არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ყველანაირ ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს, ან საერთოდაც სჭირდება ამ სტანდარტის დაკმაყოფილება. თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკას ახსოვს მაგალითები, როდესაც მსგავს გაერთიანებებში ქვეყნები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით მიიღეს და არა იმის გათვალისწინებით, აკმაყოფილებდნენ თუ არა სტანდარტებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ნატოს სტანდარტებს იმაზე მეტად ვაკმაყოფილებთ, ვიდრე ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მაგრამ არა ვართ წევრი. ნუ გვექნება ილუზია, რომ რაღაც სტანდარტს დავაკმაყოფილებთ და ევროკავშირში ან ნატოში მიგვიღებენ. ღარიბაშვილმა ევროპელებს შეახსენა, რომ მხოლოდ მომხმარებელი ქვეყანა კი არა ვართ, ძალიან სერიოზული კონტრიბუცია გვაქვს ჩადებული ევროპის სტაბილურობაში და ეს ძალიან კარგია, სწორი გზავნილები გაუშვა.

ძალიან მაინტერესებს, მთავრობას რისი რესურსი აქვს. არც ერთისგან არ მომისმენია კონცეპუტუალურ, კონკრეტულ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობა და ანალიზი. როდესაც პოლიტიკურ სპექტრს საგარეო პოლიტიკის კუთხით კონსოლიდირებული პოზიცია არა აქვს, ყოველთვის ზიანდება სახელმწიფო. ძალიან არ მომწონს დღევანდელი მმართველი გუნდის ბევრი ქმედება, მაგრამ ასევე არ მომწონს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის გზავნილი, ევროპელი პარტნიორებისთვის, – იქნებ პიროვნული სანქციები ჩვენთანაც დაგეწესებინათო. პიროვნული სანქციები შეიძლება დაუწესონ კიმ ჩენ ინს, სუდანის დიქტატორს. მუჰამედ ბინ სალმანიზე ტირანი არავინ გვყავს და მას არა აქვს სანქციები დაწესებული, კაცს, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა და მის ნაწილებს ჭაში ყრის. რატომ არ დაადეს სანქცია? იმიტომ, რომ პარტნიორობის ხარისხი განსაზღვრავს სანქციების მოცულობას”,- აცხადებს გობრონიძე.

კითხვაზე: “რა სიგნალს მიიღებს რუსეთი, თუ ევროკავშირი ამ სამი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე თავს შეიკავებს და როგორ შეიცვლება რეგიონში პოლიტიკური დღის წესრიგი?” – რესპონდენტი პასუხობს, რომ მოსკოვი დასავლეთთან დაძაბულობას უფრო გააღრმავებს.

“რუსეთი გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს უკრაინაში. რაც შეეხება რეგიონულ თუ გლობალურ პოლიტიკას, მოსკოვი უფრო გააღრმავებს დაძაბულობას დასავლეთთან. თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, დასავლეთი უფრო გაღიზიანებულ რუსეთს მიიღებს, თუ არ მოგვანიჭებენ, მაშინ გადიდგულებულ რუსეთს. მთავარი ის იქნება, ვის ხელში იქნება ინიციატივა, თუ ჩვენ სტატუსს მოგვცემენ – ინიციატივა იქნება ევროკავშირის ხელში და ეს ჩვენთვის კარგია. სტატუსის მიღება წევრობას არ ნიშნავს. შესაბამისად, რუსული საფრთხეებისგან დაცული ვერ ვიქნებით. ისიც შეიძლება სტატუსი უკრაინამ და საქართველომ მიიღონ და მოლდოვა დარჩეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ევროკავშირი ახლა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევს მართებულად თუ რუსეთის განწყობების პირისპირ გადამწყვეტი სიტყვის თქმას. სიფრთხილის გამოჩენის შემთხვევაში შეიძლება, საქართველოს მიანიჭონ სტატუსი იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მოლდოვაში კი რუსეთის მეთოთხმეტე არმია დგას. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მას მისცენ სტატუსი. ძნელი გამოსაცნობია, როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება”, – განაცხადა გობრონიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები