ComCom: 2021 წლის მონაცემებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი იყენებს

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონით – 494 ათასით მეტია. გასულ წელს ყველაზე მეტი 1.35 მლნ – მობილური ინტერნეტის აბონენტი „სილქნეტს” ჰყავდა, 1.34 მლნ – „მაგთიკომს”, ხოლო 1.06 მლნ აბონენტი „ბილაინის” მობილურ ინტერნეტს იყენებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში 109%-ს შეადგენს. 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო წინა წელთან შედარებით ზრდა 15% იყო.

2021 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი – 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. აღნიშნული განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით არის გამოწვეული, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა. 2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობა.

2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს – 0.1% შეადგინა. 4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ბილაინს” აქვს 92.5%, „მაგთიკომს” – 92.3%, ხოლო „სილქნეტს” – 87.7%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები