სამთავრობო ანგარიში: 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება

“აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლასა და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა”, – ამიშ შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი.

“მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებისთვის სრულად არის შეთავაზებული უკრაინული სასწავლო პროგრამა. დამატებით ისინი შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და ასევე − საქართველოს ისტორიას. უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული არიან უკრაინიდან ლტოლვილი პედაგოგები, ფსიქოლოგები, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინულენოვანი მასწავლებლები. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე ბათუმსა და თბილისში 400-ზე მეტი მოზარდი სწავლობს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 1000-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.

სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში დასრულდა 43 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის მშენებლობა. დასრულდა 44 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 51 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა 160-ზე მეტი სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 100-მდე სკოლის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სენაკის ბაზაზე არსებული რეგიონული ინოვაციური ჰაბის მშენებლობა. თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. უფრო კონკრეტულად, აშენდება 80 ახალი სკოლა და 220 სკოლა − სრულ, ხოლო 500 − ნაწილობრივ რეაბილიტაციას გაივლის. ამ უპრეცედენტო მასშტაბის მქონე პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სიკეთით ისარგებლებს 230 000-ზე მეტი მოსწავლე. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს განათლების სისტემის მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.
უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და 2022 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი პროგრამების დამატების შედეგად სწავლა წარიმართება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

2022 სასწავლო წელს უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებისა და ინფორმაციის მართვის მიმართულებით. პროგრამა წარმოადგენს ბოლო წლების ყველაზე რეიტინგულ სამაგისტრო კურსს გერმანიაში. სწავლა წარიმართება უცხოელი პროფესორების ჩართულობით, ხოლო სწავლის გადასახადს საქართველოს მოქალაქეებისათვის სრულად ფარავს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“. წელსვე უნივერსიტეტი იწყებს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების განხორციელებას.
საქართველო-ევროკავშირს შორის „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში 7 დეკემბერს საზეიმოდ მოეწერა ხელი. შეთანხმების გაფორმებით, საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ გაეხსნა გზა. Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები სარგებლობენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
დაფუძნდა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის მისიაა ევროკავშირსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე გაიხსნა საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისები, რომლებიც მოქმედებენ ჰორიზონტი ევროპის ეროვნულ ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით”,- ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები