გენდერული თანასწორობის საბჭომ პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასების ინდექსის შესახებ ანგარიში დაამტკიცა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასების ინდექსის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ანგარიშის თანახმად, 2022 წლისთვის პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა შეფასდა 61,78 ქულით (100 ქულიდან). საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭომ დონორი ორგანიზაცია UNDP-ის დახმარებით შეიმუშავა და დაამტკიცა პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასების მეთოდოლოგია, რომლის განხილვაც მოხდა პარლამენტის კომიტეტების აპარატებისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ჩართულობით.
მისივე თქმით, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის (EIGE) შეფასების მიხედვით, პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის განსაზღვრისას გამოიყო ხუთი ძირითადი მიმართულება:
- პარლამენტში მოსახვედრად კაცთა და ქალთათვის თანაბარი პირობები შექმნა;
- პარლამენტის საქმიანობაზე გავლენის მოსახდენად კაცთა და ქალთათვის თანაბარი პირობების შექმნა;
- პარლამენტის საქმიანობაში ადეკვატური ადგილი უჭირავს თუ არა ქალთა ინტერესებსა და საჭიროებებს;
- პარლამენტი ქმნის გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობას;
- პარლამენტი შეესაბამება მის სიმბოლურ ფუნქციას.
„აღნიშნული ანგარიში მიზნად ისახავდა წარმოდგენილი 5 მიმართულების ანალიზის საფუძველზე შეეფასებინა მეათე მოწვევის პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა, რაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს პარლამენტისა და მისი საქმიანობის ის კომპონენტები, რომლებიც საჭიროებს დამატებით დახვეწას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით მათი ეფექტიანობის ზრდისათვის“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, იგივე პრინციპებით და მეთოდოლოგიით პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასება ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ბოლო წელს მოხდება.