ცუცქირიძე: ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული კვლევა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას მაღალ კორუფციაზე და საჯარო ფინანსების არაეფექტურ მართვაზე
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ დიდი ნახტომი გააკეთა და მე-5 ადგილიდან მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას მაღალ კორუფციაზე და საჯარო ფინანსების ნაკლებად გამჭვირვალე და არაეფექტურ მართვაზე.
„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ დიდი ნახტომი გააკეთა და მე-5 ადგილიდან მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ნიშანდობლივია, რომ თუ საქართველო 2012 წელს, მხოლოდ 33-ე ადგილს იკავებდა და მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში იყო, 2015 წლის კვლევით, ქვეყანა პირველად გადავიდა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში და 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა, ხოლო კვლევის ბოლო ორი შეფასებით – 2017 და 2019 წლებში საქართველო მე-5 ადგილს იკავებდა მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის უკვე სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ჯგუფში.
2021 წლის შეფასება პირდაპირ ასახავს საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის ერთიან ჭრილში ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ეფექტურ ხასიათს.
სწორედ საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესებამ, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვამ, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდამ, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვასთან და საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება-საჯაროობასთან ერთად, საშუალება მოგვცა პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში ეფექტურად განხორციელებულიყო საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკა.
მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, უკვე ამ წელს საგარეო ვალის მნიშვნელოვნად შემცირება 60 %-დან 45 %-მდე, 2-ჯერ და მეტად ბიუჯეტის დეფიციტის 9.3 %-დან 4.4%-მდე შემცირებასთან ერთად, საჯარო ფინანსების რეფორმის წარმატებულ ხასიათზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევა არ ხორციელდება მთავრობის მიერ თვითშეფასების გზით და კითხვარს ავსებენ ამ მიზნით დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისად, შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე.
აღნიშნული კვლევა ასევე მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის კიდევ ერთ ბრალდებას მაღალ კორუფციაზე და საჯარო ფინანსების ნაკლებად გამჭვირვალე და არაეფექტურ მართვაზე“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.