დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სხდომა ზუგდიდში გამართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ წარადგინა. მომხსენებელმა 1-ლი სექტემბრიდან დაგეგმილი ენერგეტიკული ბირჟის და ბაზრის გახსნის შესახებ აღნიშნა. რომეო მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ ენერგეტის სფეროში აღნიშნული სიახლე საშუალებას მისცემს ქვეყანას, რომ ამ სფეროში შეიქმნას კონკურენტული გარემო როგორც საბითუმო, ისე საცალი სექტორში და ასევე ხელს შეუწყობს სამართლიან ფასწარმოქმნას. კომიტეტმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ანგარიში.

ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით 2021 წელს სემეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წარადგინა. მან თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით გაატარა სემეკმა, ესაა გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება -ავტორიზაცია, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება, გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ღონისძიებები, ელექტორენერგიის ბაზრის წესების დადგენა. მომხსნებელმა ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში განხორციელებული გარდამავალი ღონისძიებების და ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ასევე მომხმარებელთა დაცვის დამატებითი მექანიზმების თაობაზე.

დავით ნარმანიამ ასევე ისაუბრა ბუნებრივი გაზის ბაზრის განვითარების ასპექტებზე, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარშგების წესების შესახებ, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესებისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სატარიფო რეგულირების თაობაზე.

ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენელმა, EU4Energy-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარების განყოფილების უფროსმა სვეტლანა კარპიშინამ, რომელიც კომიტეტის სხდომას ონლაინ ფორმატში ჩაერთო.

კომიტეტმა დღევანდელ გასვლით სხდომაზე ასევე მოისმინა „განახლებადი ენერგიის პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის დასკვნა და მის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები. კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებიც გადაეგზავნება შესაბამის ორგანიზაციებს.

დღესვე კომიტეტთან არსებული ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად სამუშაო ფორმატში იმსჯელეს კანონპროექტზე “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ინიცირებასაც კომიტეტი ახლო მომავალში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები