დევიდ დათუნა – სიმართლის ხმა საყოველთაო სიცრუის დროში

დევიდ დათუნას სახით (1974 წლის 10 თებერვალი – 2022 წლის 24 მაისი) მსოფლიომ დაკარგა გაბედული არტისტი, რომელიც საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლეს ამბობდა. მისი 2011 წელს შექმნილი სურათი დაკვირვებით რომ გაეაზრებინა მსოფლიოს, დღეს შეიძლება ასეთი თავსატეხი და კატასტროფა არ გამოსჩენოდა პუტინის სახით.
დათუნას მიერ ოპტიკური მასალებით შექმნილმა დროშებმა და პორტრეტებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საყოველთაო ყურადღება მიიპყრო თანამედროვე არტის სამყაროში. გონიერებასთან ერთად თბილისიდან ნიუ-იორკში გადახვეწილ ახალგაზრდა კაცს იღბალიც აღმოაჩნდა. მისი ნამუშევრები ექვსნიშნა ციფრად იყიდებოდა და მატერიალურად სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ნიუ-იორკში ჩასულს თავი რომ გადაერჩინა, ოპტიკის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. რას წარმოიდგენდა, რომ მის მომავალ კეთილდღეობას სწორედ ეს ოპტიკური მასალა განსაზღვრავდა?!
ხუთი წელიწადი ასეთ მოსაწყენ ადგილას მუშაობა სულაც არ აღმოჩნდა დევიდ დათუნასთვის დაკარგული. პირიქით, იგი შესამჩნევ და ხმაურიან არტისტად აქცია. მას ენდი უორჰოლისა და ჯასპერ ჯონსის მემკვიდრედაც კი მიიჩევდნენ თანამედროვე არტის სამყაროში. თავად დათუნა თვლიდა, რომ მოვიდა დრო, ხელოვნებამ ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრებისეულ პროცესებზეო და პირადად ის არაერთხელ შეეცადა თავისი ნამუშევრებით სამყაროს გამოფხიზლებას. იგი მძაფრი გუმანის არტისტი აღმოჩნდა. სიახლეა ის მედიუმი და მათი კონფიგურაცია, რომელსაც დათუნა თანამედროვეობის ცნობილი პიროვნებების პორტრეტების შესაქმნელად იყენებს. მაგრამ მისი გაბედულება და კრეატიულობა განსაკუთრებით გამოჩნდა 2011 წელს შექმნილ პუტინის პორტრეტში, რომელიც იმავე წელს რეკორდულ ფასად გაიყიდა მოსკოვის საერთაშორისო არტექსპოზე. „პუტინი – მონა ლიზა” – ასე უწოდა დევიდ დათუნამ ამ უზარმაზარ პორტრეტს, რომელიც მინის ლინზების და ლეონარდო და ვინჩის შედევრის მინიატურული ფოტოების კოლაჟის სინთეზით შეიქმნა. მხატვრის ნათქვამით: „პუტინი კაცობრიობისთვის ისეთივე გამოცანაა, როგორც ჯოკონდას ღიმილი. ამით ვაფრთხილებდი ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ პუტინთან მეგობრული თამაშები არ შეიძლება”.
პუტინის თემაზე მან 2013 წელს საგანგებო ინსტალაცია შექმნა სახელწოდებით: „პუტინი VS. მეფე ნიკოლოზ II – ცივილიზაციის კრახი”, რომელიც ასევე მოსკოვში გამოფინა. ამ არტისტულმა განაცხადმა ქართული წარმოშობის ამერიკელ მხატვარს პრობლემები შეუქმნა რუსეთში. ჯერ დაპატიმრებით ემუქრებოდნენ, მერე კი რუსეთმა ის ბაიდენამდე და ამერიკის ისტებლიშმენტამდე კარგა ხნით ადრე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„2011-შიც და დღესაც პუტინს ფაშისტად მივიჩნევ”, –  ამ სიტყვებით და თავისი ნამუშევრით დევიდ დათუნა მსოფლიო არტის ისტორიაში შევა, როგორც თავისუფლად მოაზროვნე არტისტი, რომელიც წინასწარ ჭვრეტის უნარით იყო დაჯილდოებული. მისი ოპტიკური ლინზებითა და „მონა ლიზას“ ღია ბარათებით შექმნილი პუტინის პორტრეტი დარჩება, როგორც გაფრთხილება, რომელსაც თავის დროზე მხოლოდ შეხედა საზოგადოებამ და საფუძვლიანად არ გაიაზრა, თუ რა აზრით დატვირთა იგი მხატვარმა? ევროპის, მშვენიერების, სიმშვიდის სიმბოლოს მონა ლიზას ასობით მინიატურული გამოსახულება და ნაკუწები მან პუტინის სახის შესაქმნელად გამოიყენა. ანუ მონსტრის მონუმენტური პორტრეტი ამოიზრდება მარადიულისა და ღირებულის განადგურების ხარჯზე… ახლა კი, როცა პუტინმა სიკვდილის კალოდ აქცია უკრაინა და თვალი პოლონეთზე უჭირავს, ცხადია, რა საშიშროებას წარმოადგენს იგი მსოფლიო ცივილიზაციისთვის!
მართალია, დათუნა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ეს ნამუშევარი დარჩება ხილულ ნიმუშად იმისა, რომ ხანდახან ხელოვნების ნამუშევარს აღმოაჩნდება ხოლმე წინასწარმეტყველური ძალა.
დევიდ დათუნა ნიჭიერებასთან ერთად იშვიათად კეთილი ადამიანიც იყო, გლობალურ ქველმოქმედებაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა, საქართველოს კი 2014 წელს საჩუქრად გადასცა ოპტიკური მასალებით შესრულებული საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ძალიან სიმბოლური სახელწოდებით – „საქართველო – მილიონთა იმედი”. მაინც რატომ დაარქვა მხატარმა ასე ჩვენს დროშას? აქ არის მინიშნება საქართველოზე, როგორც ლიდერ ქვეყანაზე, რომელმაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მერე იმედი გაუჩინა სხვა ქვეყნებსაც თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად. დევიდ დათუნას მემკვიდრეობა უკვე ისტორიის კუთვნილებაა და იგი დარჩება გაბედულებისა და გულწრფელობის საუკეთესო გამოვლენად.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები