„ვთხოვდი, ფრთხილად ყოფილიყო, მან კი, უკანასკნელად მითხრა, მიყვარხარო“ – სასტიკი მკვლელობა ბუჩაში

ბუჩაში 5 მარტს, ოკუპაციის დროს ავტომობილი დაიწვა 4 ადამიანთან ერთად. მანქანაში იყვნენ ჟანა კამენევა, მარია ილჩუკი და 14 წლის ანა თავის დედასთან, თამილა მიშენკოსთან ერთად.

ჟანა, რომელმაც ყველა დაარწმუნა, რომ უნდა წასულიყვნენ, საჭესთან იჯდა. უკანასკნელი, რაც ჟანას მეუღლემ მისგან მიიღო, ეს იყო sms-შეტყობინება: „ჩვენკენ მტრის ტანკი მოდის“. ეს, დაახლოებით, დილის 10 საათზე მოხდა.

14 წლის ანა მიშენკოს, როგორც მისი ძმა ჟენია იხსენებს, ბოლომდე არ უნდოდა წასვლა და დედას სთხოვდა, ბებიასთან და ძმასთან ერთად დარჩენილიყვნენ ბუჩაში. გოგონას ხატვის ნიჭი ჰქონდა და ის გეგმავდა საკუთარი ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა.

მარია ილჩუკი არ წავიდა ქალიშვილთან ერთად რევენის რაიონში, ვინაიდან ეშინოდა მძიმე გზის, რადგან მას ფეხები სტკიოდა. თუმცა, ჟანასთან ერთად წასვლა დასთანხმდა, როდესაც ნახა, რა სისასტიკეს სჩადიოდნენ ოკუპანტები ბუჩაში.
ჟანას ავტომობილს მალევე ვერ მიაგნეს, ვინაიდან ეძებდნენ ლურჯ მანქანას. აფეთქების გამო, საღებავი ავტომობილზე დაიწვა და თეთრი გახდა. უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ბუჩაში 2 აპრილს შევიდნენ, მაშინვე ვერ მიხვდნენ, რომ ავტომობილში ადამიანების ცხედრები იყო. დამწვარი სხეულებისგან მხოლოდ ფრაგმენტებიღა დარჩენილიყო.
ჟანას მეუღლე გენადი, რომელიც ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, დარწმუნებულია, რომ ის რუსმა სამხედროებმა მოკლეს. ისინი ვოკზალნაიას და იაბლონსკაიას ქუჩების კვეთაზე ბლოკპოსტზე იდგნენ.

როგორ დაიღუპა მოხალისე ჟანა, რომელიც ხალხს ქალაქიდან წასვლაში ეხმარებოდა

ჟანნა მეუღლესთან და ვაჟთან ერთად

ჟანას მეუღლე ბუჩადან ხალხი გამოჰყავდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის უკრაინის ჯარში წავიდა. ცოლი გაქრობის შესახებ მან ბუჩადან შორს ყოფნის დროს გაიგო.

როგორ მოახერხეთ მეუღლის მოძებნა?

—  ჟანას მანქანის პოვნა ჩვენ ერთი თვის შემდეგ შევძელით. ავტომობილის ამოცნობა რთული იყო, ის სულ დამწვარიყო, როგორც გარედან, ისე – შიგნიდან. თანაც, ძებნა ასე იმიტომ გაჭიანურდა, რომ ის სრულიად თეთრი გახდა და ჩვენ ლურჯ მანქანას ვეძებდით.

ამ მანქანის გავლით, იაბლონსკაიას და ვოკზალნაიას ქუჩის კვეთაზე, რომელსაც მედია სიკვდილის გზას უწოდებს, ბევრმა ადამიანმა გაიარა – სამხედროებმა, ჟურნალისტებმა, მოქალაქეებმა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ შიგნით ადამიანების ცხედრები იყო. ერთი შეხედვით, ის ცარიელი გახლდათ, იმდენად დამწვარიყვნენ შიგნით მსხდომები.

ავტომობილი თავიდან ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტოებით ვიცანი მედიაში გავრცელების შემდეგ, ხოლო მერე, როდესაც თავად ჩავედი, მანქანის VIN-კოდი შევამოწმე, ვიპოვე მეუღლის ცხედარი, მანქანის გასაღები.

როდის ესაუბრეთ მეუღლეს ბოლოს?

— 5 მარტს დილით ჟანამ დამირეკა და მითხრა, რომ ბუჩაში ჩავიდა და ნახა, რომ ჩვენს ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკიზე მტრის ტექნიკა შევიდა. მე ვთხოვე, რომ ფრთხილად ყოფილიყო, მან კი მიპასუხა: „მე შენ ძალიან მიყვარხარ“. ეს მისგან გაგონილი უკანასკნელი სიტყვები იყო.

დაახლოებით, 10 საათზე მისგან მივიღე შეტყობინება: „ჩვენკენ მტრის ტანკი მოდის“. ის მე მირეკავდა, მაგრამ მაშინ კავშირი არ მქონდა და შეტყობინება 11 საათზე მოვიდა. წაკითხვის შემდეგ მაშინვე რეკვა დავიწყე, ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. შეიძლება, სანამ მოკლავდნენ, მათ ტელეფონები წაართვეს.

  თქვენ თქვით, რომ ჟანა ბუჩაში დაბრუნდა? რატომ არ დარჩა ის უსაფრთხო ადგილას, თუკი ქალაქიდან გასული იყო?

26 თებერვალს ჟანამ ბავშვები ჟიტომირის რაიონში წაიყვანა ნათესავებთან, ხოლო თვითონ ბუჩაში დაბრუნდა. ჩვენ ორი შვილი გვყავს – გოგონა და ბიჭი – 12 და 15 წლის. იმ დროისთვის მე უკვე ჯარში ვიყავი. მე 24 თებერვალს გამომიძახეს. 

ჟანა ბუჩაში ხალხს პროდუქტებს ურიგებდა ჩვენი მაღაზიიდან და შეძლებისდაგვარად გამოჰყავდა ქალაქიდან ნაცნობები და ისინი, ვინც დახმარებას ითხოვდნენ. ის მოხალისე იყო.

სამ მარტს მეუბნებოდა, რომ მოვა ხალხი და ბოლო პროდუქტს წაიღებსო. 4-ში  სახლში წავიდა ბუჩაში, ღამე იქ გაათია და 5 მარტს უკვე ირპენში უნდოდა წასვლა.

ახლა მე უფრო მსუბუქად ვარ, თორემ აქამდე საუბარიც კი მიჭირდა. ცოტა ხნის წინ sms გამომიგზავნეს, რომ უნდათ მას ჩაეხუტონ და მადლობა გადაუხადონ, რომ მან მათი ოჯახები გამოიყვანა.

ჩვენ ორი დღე ველოდით, როდის მოვიდოდა პოლიცია. ყველა ცხედარი ტომარაში ჩავაწვინეთ. სასაფლაოზე უკვე პოლიციასთან ერთად ვმუშაობდით ცხედრების აღწერაზე. პოლიციას ძალიან ბევრი გამოძახება ჰქონდა. ასზე მეტი დღეში. ისინი, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ.

პოლიციამ სიკვდილი დააფიქსირა, ხოლო შემდეგ ცხედრები ექსპერტიზაზე გაგზავნეს ვიშგოროდის მორგში. დასკვნაში დაწერეს, რომ დაიღუპნენ საომარი ოპერაციის დროს, მაგრამ სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა სხეულის დანახშირების გამო. ასე დაწერა სამედიცინო ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები