თამაზ ნატროშვილს მარტო აწმყოსთვის არ უღვაწია

იშვიათი პატივი მქონდა, პირადად მცნობოდა ბატონი თამაზ ნატროშვილი (1937-2022), თანამედროვეობის გამოჩენილი ისტორიკოსი, მეცნიერი და მწერალი. ახალა, როცა უმისოდ აღვნიშნავთ მის 85-ე წლისთავს, ჩემთვის დიდ წუხილთან ერთად ერთგვარად შვებისმომგვრელია, რომ რასაც ახლა დავწერ, მას სიცოცხლეშივე ვუთხარი და ეს სიტყვები უკან მიდევნებული ლამპარივით არ იქნება. წიგნიერმა საქართველომ იცის თამაზ ნატროშვილის ჭეშმარიტი ფასი!
იგი მართლაც უნიკალური მოვლენა იყო, უკიდეგანო ერუდიციით, გემოვნებით და პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობით. რაც კი მისი ხელიდან გამოსულა, პროზა იქნება, ისტორიოგრაფიული კვლევა, ესეისტიკა თუ თარგმანი, უკლებლივ ყველაფერი არის მომავლისთვის გათვლილი და ნაფიქრი – 20, 30, 50 წლის შემდეგ რომ გაეცნობა მკითხველი, მასთან იყოს პირნათელი.
პირველად „საბჭოური რენესანსის” ზეობის ხანაში მისი წიგნის „მაშრიყით მაღრიბამდე” გამოცემით 1974 წელს) გავვოცდი! ახლა კიდევ უფრო მიკვირს, როგორ დაუშვეს მსგავსი ხასიათის წიგნის დაბეჭდვა?! თვით სათაური ხომ მინიშნებაა წარსულის ძლიერ საქართველოზე, რომლის დავიწყებასაც ასეთი რუდუნებით ლამობდა კრემლის პოლიტიკა?
ეს წიგნი, ევროპულ და სპარსულ წყაროებზე დაყრდნობით, ქართული ისტორიოგრაფიის მანამდე უცნობ მასალებს ამზეურებს და მხატვრულ-ისტორიული ჟანრის საუკეთესო ნიმუშია, ქართული ხასიათის, ღირსების, სამშობლოსთვის თავდადების ნათელი მაგალითებით. ასეთი ანტისაბჭოთა წიგნი იმხანად არ მახსენდება. აკაკი ბაქრაძის „სჯანისა” და „ფიქრი და განსჯის” (1972 წელი), ასევე გურამ ასათიანის „სათავეებთან” (1982 წელი) ერთად დარჩება ქართულ ხასიათსა და სულიერებაში ჩაღრმვების იშვიათ გამონკლისად. მკითხველი ხარბად ეტანებოდა აღნიშნულ წიგნებს, როგორც სულის პურს და თან უკვირდა, კომუნისტურ ცენზურას როგორ დაუსხლტა ხელიდან?!
თამაზ ნატროშვილმა პირველი მოთხრობა „ხვალ დოღი იქნება ხეობაში” 19 წლის ასაკში გამოაქვეყნა, რასაც 1963 წელს მოჰყვა მისი მოთხრობების პირველი კრებული „გამოღვიძება”, 1966 წელს კი მორიგი პროზაული წიგნი „სიმაღლე”.
მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა თამაზ ნატროშვილის მომდევნო წლებში გამოქვეყნებულმა მხატვრულ-ისტორიული ჟანრის სხვა წიგნებმაც:”წელი ერთი და ათასი”, “დაღათუ იყოს სიკვდილი”, (1994), „მოყვასი შორეული რომიდან – პიეტრო დელა ვალე” (1995).
თამაზ ნატოშვილის პუბლიკაციები საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებზე მუდამ განსაკუთრებულ რეზონანსს იწვევდა და მუდამ განსჯის საგნად იქცეოდა ხოლმე საზოგადოებაში. „ლიტერატურული საქართველოს” ყველა ნომერი, სადაც კი ამ ავტორის ნააზრევი ჩნდებოდა, მკითხველისთვის დასამახსოვრებელ მოვლენას წარმოადგენდა.
თამაზ ნატროშვილის გემოვნება და აზრის სინატიფე იწრთობოდა საუკეთესო მწერლებისა და მოაზროვნეების გარემოცვაში. გამოჩენილი მწერლის, კრიტიკოსისა და ლეგენდარული რედაქტორის გიორგი ნატროშვილის ოჯახში აღზრდილს ჰქონდა პრივილეგია და მან ეს უპირატესობა ლიტერატურის, მეცნიერების სასარგებლოდ გამოიყენა. მისი მთავარი ღირსება ის იყო, რომ მარტო აწმყოსთვის არ უმუშავია, მას მუდამ მომავალი ჰქონდა მხედველობაში. სურდა, პირნათლად დარჩენილიყო  მერმისის თვალში და ეს ასეც ახდება. ასი წლის შემდეგაც მღელვარებას გამოიწვევს თამაზ ნატროშვილის ნაკალმარ-ნააზრევი. თუკი პერიოდულ პრესაში უხვად გაბნეული მისი პუბლიკაციები  ერთად შეიკონება და რამდენიმე ტომად გამოიცემა, ეს მართლაც ღირსი პატივგება იქნება მათი ავტორის, რომელიც ასე სათუთად ელოლიავებოდა საქართველოს წარსულს და მისთვის უკეთეს დროებას ელოდა…
ბატონი თამაზი წლეულს იანვრის მიწურულს გარდაიცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მან მხოლოდ გაიგო, რომ ვენეციის წლევანდელ ბიენალეზე საქართველოს წარმოადგენდა მისი შვილი მარიამ ნატროშვილი, სამწუხაროდ, რეალურ გახსნას და მოწონების გამოხმაურებას, რაც მარიამის პროექტს მოჰყვა, ბატონი თამაზი ვეღარ მოესწრო. ნატროშვილების ნიჭი მუდამ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ასეა ახლაც.
და დღეს, 85 წლის თამაზ ნატროშვილი მაინც უბედნიერესი კაცია, რადგან საკუთარ დღეობას შვილი ასეთი საჩუქრით ულოცავს…
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები