რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძესთან კომუნიკაცია ტელეფონის და ვიდეოკონფერენციის საშუალებით გრძელდება.
ამის შესახებ მან საერთაშორისო ეკონომიკური სამიტის – “რუსეთი – ისლამური მსოფლიო: KazanSummit 2022”-ის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
”ამ ფორმატის გაყინვის შესახებ ჭორები ნაადრევია, ჩვენ საკმაოდ ხშირად ვუკავშირდებით ტელეფონით, ვიდეოკონფერენციის საშუალებით,” – თქვა მან.
მისი თქმით, „ისეთი დროა, როდესაც ფორმატები არ უნდა გაიყინოს“.
კარასინის თქმით, პირისპირ შეხვედრის თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.
”მაგრამ ჩვენ ველით, რომ ეს უნდა მოხდეს უახლოეს თვეებში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
რაც შეეხება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს, რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს, “ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“.
კარასინმა აღნიშნა, რომ პანდემიამდე მხარეები საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ, მისივე თქმით, “სამწუხაროდ, კოვიდმოვლენებმა ამას ხელი შეუშალა. იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაცია დალაგდება”.