18 მაისი ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა (ვიდეო)

დღეს ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა, მას 87 წელი შეუსრულდებოდა… ფოლკლორის ცენტრი სახელგანთქმულ მომღერალსა და მუსიკოსს იხსენებს და ვიდეოს აქვეყნებს.
„საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის სახელი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს შემოქმედებით ანსამბლად აღიარებულ „ერისიონს“ უკავშირდება. ყველა გზა, დიდიც და პატარაც ბავშვობით იწყება. ამ ბავშვობას კი თავად ჯემალ ჭკუასელი საკმაოდ თბილად და ლამაზად იხსენებს. 1935 წლის 18 მაისს სოფელ წითელმთაში (შემოქმედის თემი) ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია.
„ბიჭია, ბიჭია!“ – დაედევნა გასროლის ექოს მამაკაცის ხავერდოვანი, ძლიერი ხმა. ამ ალიაქოთის მიზეზი კი გახლდით მე, „მამის იმედი, დედის ბედნიერება“, თქვენი მონა-მორჩილი, რომელზეც ცოტა მოგვიანებით მამამ, შერმანდი ჭკუასელმა, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად გავისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი აგერ ა, საფეთქელში უნდა მესროლაო, – იგონებს ჯემალ ჭკუსელი. ხუმრობა იქით იყოს და, სწორედ ბატონი შერმანდის დამსახურებაა, რომ მან თავისი ვაჟი სისხლხორცეულად აზიარა განუმეორებელი, უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და საერთოდ, ფოლკლორის დიდ სიყვარულს.
ჯემალ ჭკუასელის ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლებისა და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა.
1955 წლიდან იგი უკვე თბილისში ცხოვრობს. 1957 წელს ჯემალ ჭკუასელი დაოჯახდა. მისი რჩეული გახლდათ გიული ჭულუხაძე. ბატონ ჯემალს და ქალბატონ გიულის სამი შვილი ჰყავთ – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებობდა გამორჩეულად კარგი ანსამბლი, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა.
1979 წელს ჯემალ ჭკუასელი მის მიერ დაარსებული, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
1986 წელს კი იმდროინდელი კულტურის მინისტრის – ვალერი ასათიანის ბრძანებით ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. 1990 წლის 31 მაისს კი დიდ ანსამბლს აკადემიურის წოდება მიენიჭა. ჯემალ ჭკუასელისა და რევაზ ჭოხონელიძის ტანდემით დაიწყო „ერისიონის“ ოქროს ხანა.
1999-2007 წლებში განხორციელდა საქვეყნოდ ცნობილი შოუ-პროგრამები: „ქართული ლეგენდა“ და „ქართული ქარიშხალი“, რომლებიც ამერიკელი პროდიუსერის, ჯიმ ლოოს სახელთანაა დაკავშირებული. ამ პროექტებით „ერისიონმა“ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია.დიდ მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ოქროს დისკი გადაეცა.
2010 წელს „ერისიონს“ თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ დამსახურებული ღვაწლისთვის ვარსკვლავი გაუხსნეს.
2013 წელს კი ჯემალ ჭკუსელის კიდევ ერთი ვარსკვლავი მშობლიურ გურიაში, ოზურგეთში, თეატრის წინ, აკიაფდა. ჩვეული გურული სითბოთი, სიმღერით, სიყვარულით გაჯერებული დღე აჩუქეს გურულებმა სანუკვარ ლოტბარს, გამორჩეულს, სახელოვანს. მის ცხოვრებაში ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად შემორჩება.
30 წლიანი სამხატვრო ხელმძღვანელობის შემდეგ ჯემალ ჭკუასელი ანსამბლის მთავარი ლოტბარია.
თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობს: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.
ჯემალ ჭკუასელს და ანსამბლ „ერისიონს“ მიენიჭა – ქართული ფოლკლორის, ქართული საგანძურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო“, – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები