სტოლტენბერგი ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე ანკარას პოზიციას გამოეხმაურა
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლასთან დაკავშირებით ანკარას შეშფოთება უნდა იყოს განხილული, თუმცა, სტოლტენბერგი ასევე ამბობს, რომ ამ ისტორიულ მომენტში ორგანიზაციამ ერთიანობა უნდა გამოავლინოს.
ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
„ჩვენი ახლო პარტნიორების – ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებზე ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკება გავმართე. თურქეთი ღირებული მოკავშირეა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შეშფოთება უნდა განიხილებოდეს. ამ ისტორიულ მომენტში ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ”, – დაწერა მან.
როგორც უკვე ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.
ერდოღანის თქმით, “სკანდინავიის ქვეყნები – ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასტუმრო სახლად იქცა. თურქეთს შეუძლია, ვეტოს დასადებად წევრის სტატუსი გამოიყენოს”.
აღსანიშნავია, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში თურქეთის ლიდერი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს გულისხმობს, რომლებმაც თავშესაფარი სკანდინავიის ქვეყნებში იპოვეს.
ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის ყოფილი მმართველები შეცდნენ, როდესაც 1952 წელს ნატო-ში საბერძნეთის გაწევრიანებას “მწვანე შუქი” აუნთეს.
„ჩვენ, თურქეთს არ გვინდა, ამ საკითხში მეორე შეცდომა დავუშვათ“, – განაცხადა მან.
ერდოღანის ეს განცხადება შვედეთსა და ფინეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან როგორც, მაგალითად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ თქვა, ის თურქ კოლეგას შეხვდა, ასევე, რამდენიმე კვირით ადრე საკითხზე ესაუბრა და თურქი დიპლომატის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება არ მოუსმენია.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე.
“ამ პროცესში მოთმინება გვმართებს. მსგავსი საკითხები ყოველთვის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. პრობლემების უმეტესობა, ხშირად მოგვარებადია”, – თქვა დიპლომატმა.