თეა წულუკიანი ბალეტის „ოტელო“ პრემიერას დაესწრო

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ალექსი მაჭავარიანისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტის „ოტელო“ პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ლეგენდარული სპექტაკლი 65 წლის შემდეგ ქართულ საბალეტო სცენას დაუბრუნდა. საბალეტო დადგმის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ხოლო დამდგმელი დირიჟორი თავად კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი გახლავთ.
სპექტაკლში, ქართველი ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია ლალი კანდელაკმა აღადგინა. სცენოგრაფია და კოსტიუმები სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით დავით პოპიაშვილმა შექმნა.
შეგახსენებთ, პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ალექსი მაჭავარიანის ბალეტის „ოტელოს“ პრემიერა 1957 წლის 27 ნოემბერს შედგა. ბალეტი ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ იყო დადგმული და თავადვე „ოტელოს“ პარტიას ასრულებდა. სპექტაკლმა უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ქართული ხელოვნების ტრიუმფად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები