სოსო რობაქიძე: რაც მაგათ ადამიანები დახოცეს, მათმა მშობლებმა რომ შურისძიება დაიწყონ, უგულავას მღვდლები ეყოფა?

„მინდა, ვუთხრა ბატონ უგულავას: ნუ დაიწყებთ ქვეყნის არევას, ნურავისზე შურისძიებას, თორემ ჩვენნაირ ხალხს გზა გაეხსენება და შურისძიებას, კბილს კბილის წინ, თვალს თვალის წილ, სისხლს სისხლის წილ, თქვენ ნახავთ“, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რობაქიძემ ოპოზიციონერ გიგი უგულავას, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ საკაშვილსა და მის ოჯახს მიმართა.

„მინდა, გამოვეხმაურო გიგი უგულავას განცხადებას, ასევე, სააკაშვილის ძმების გამოსვლას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ მიხეილ სააკაშვილისთვის ხალხის შეკრებას.

რაც მაგათ ადამიანები დახოცეს, მათმა მშობლებმა რომ შურისძიება დაიწყონ, უგულავას მღვდლები ეყოფა? ასევე ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის გამო პირადად ვიძიებთ შურსო. ასეთ სიტყვებზე ადამიანს პასუხს აგებინებენ და სადაც საჭიროა, იქ იბარებენ. მინდა, ვუთხრა ბატონ უგულავას: ნუ დაიწყებთ ქვეყნის არევას, ვინმეზე შურისძიებას, თორემ ჩვენნაირ ხალხს გზა გაეხსენება და შურისძიებას, კბილს კბილის წინ, თვალს თვალის წილ, სისხლს სისხლის წილ, თქვენ ნახავთ. ნახევარი საქართველო შავებში გამოწყვეთ. ახლა ეს ლაპარაკობს, რომ, თურმე, შურს იძიებს. ქართველებისთვის ნომერ პირველი ჯალათი დღეს ციხეშია.
სააკაშვილის დედას, ქალბატონ გიულის მინდა, ვუთხრა: კობა დავითაშვილი რომ სასიკვდილოდ სცემეს, იმას დედა არ ჰყავდა? ირინა ენუქიძე დედა არ იყო? ბუტას დედა დედა არ იყო? გამცემლიძის დედა დედა არ იყო? შავები უნდა გეცვათ და მათ საფლავებზე მუხლით უნდა დახოხავდეთ. სად იყვნენ სააკაშვილის ძმები, როცა მათი ძმა მათ ტოლ და უფრო ახალგაზრდა ბიჭებს ხოცავდა? დაჩოქილი უნდა ითხოვდეთ, რომ შენდობა მოგეცეთ. გული იმაზე მწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი.
მინდა, უგულავას ვუთხრა: ნუ იდორბლები ტელევიზიაში და საქონელივით ნუ ყვირი, შურს ვიძიებ, თუ სააკაშვილს რამე მოუვაო. სააკაშვილს არავინ კლავს. ის საჭმელს არ ჭამს. ვინც ციხეში მოკლეს სააკაშვილის დროს, მათი სია გვაქვს.

სააკაშვილს ვეუბნები, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი, ჯერ გორში იხოხე მუცლით, მერე უკრაინაში სახურავზე გათრიეს, ახლა პატარა ბავშვივით ტირი, ვაიმე, ციხეში ვერ ვძლებო, როგორ შეიძლებოდა, შენნაირი გარეწარი პირველი კაცი ყოფილიყო?
ვინც შურისძიებას დააპირებს იმის გამო, სააკაშვილს გამოუშვებენ თუ არა, აგერ ნახავთ, რამდენი ადამიანი მივა, რამდენი გამოექომაგება, არავინ გამოექომაგება.

სააკაშვილის ძმებს ვეუბნები: ბოდიში მოიხადეთ, თქვენმა ძმამ მოიხადოს ბოდიში, მუხლებზე დადგეს, თუ უნდა, შენდობა მიიღოს. მან პასუხი უნდა აგოს. ქვეყანაში ამდენი რამე მოხდა და სამართლიანობა ჯერ კიდევ არაა აღდგენილი, ახლა კიდევ ციხიდან სააკაშვილი გამოუშვან?”, – განაცხადა რობაქიძემ.

შეგახსენებთ, უგულავამ შურისძიების შესახებ განცხადება 2 დღის წინ გააკეთა.

„სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას. კბილი კბილისა წილ იქნება, თვალი თვალისა წილ იქნება. კლავთ ადამიანს?! მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, პირდაპირ ვამბობ – სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათი ათასობით ადამიანი. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი. მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოსთხოვს სახელმწიფო და მოსთხოვს ხალხი. მღვდლები დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ბევრი წესის აგება მოუწევთ“ – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები