ხუნდაძე – სააკაშვილზე: ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, დაუჯეროს ექიმებს და მისი ჯანმრთელობა იქნება აუცილებლად დაცული

ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ის არ არის იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც სააკაშვილს სჭირდება.

ამასთან, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილ პრეზიდენტს ურჩევს, რომ დაუჯეროს ექიმებს და მისი ჯანმრთელობა აუცილებლად დაცული იქნება.

„გავეცანი სააკაშვილის განცხადებას სადაც ის გვეპატიჟება ექიმებს და გვახსენებს ჩვენს პროფესიას. ჩემი ძირითადი პროფესია რომ ექიმობაა ამით მე ვამაყობ და სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, როდესაც ის შიმშილობდა, დავით სერგეენკოსთან ერთად შევედი ციხეში სწორედ მისი ჯანმრთელობის მოსაკითხად.

სამწუხაროა, რომ მაშინაც და დღესაც, როდესაც მისი ჯანმრთელობა ისევ პრობლემაა, ჯანმრთელობა გაუარესდა მხოლოდ საკუთარი სურვილით და არა ხელისუფლების ან ვინმეს უყურადღებობითა და უდიერი მოპყრობით. დღესაც მე და ბატონმა დავით სერგეენკომ მოვიკითხეთ მისი ჯანმრთელობა და ვნახეთ, რომ მაქს პრაქტიკულად ყველაფერი უკეთდება, მაგრამ მკურნალობის ხელის შემშლელი არის ისევ თავად მიხეილ სააკაშვილი. ის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსსაც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი არ აქვს სააკაშვილს თავად საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო. ამიტომ ჩვენი შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ. მას აქვს პატიმრობის პოლიტიკური დღის წესრიგი და ამაში პოზიტიურად მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, რომ დაუჯეროს ექიმებს და მისი ჯანმრთელობა იქნება აუცილებლად დაცული. განცხადებაში ის გვთხოვს, რომ გავსინჯოთ. ჯერ ერთი, მე არ ვარ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც მას სჭირდება. თანაც გვეუბნება, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საჯარო განცხადებები უნდა გავაკეთოთ როგორც პარლამენტარებმა. ანუ ეს პროცესი ისევ პოლიტიკისკენ მიდის. ეს იყო ისევ პოლიტიკური მიზნისათვის გათვლილი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის იმ წევრებს, რომლებსაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული, მისი, როგორც პაციენტის მონახულებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები