გიორგი ცუცქირიძე: რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის რადიკალურად გარდატეხის შემტანი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის მიღება გახდება
„მიმაჩნია, რომ ამ ომში, რომელიც რეალურად უკვე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაშია გადასული, სადაც საბრძოლო მოქმედებების თეატრი უკრაინაა, სიტუაციის რადიკალურად გარდატეხის შემტანი, წინა კვირაში ამერიკის პარლამენტის ორივე პალატის მიერ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის მიღება გახდება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძის თქმით, თანამედროვე მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური რუკის გადანაწილების წინაშე ვდგავართ.
“დიდი თამაშები” და საქართველო (ნაწილი მეორე).
ჩვენ რომ თანამედროვე მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური რუკის გადანაწილების წინაშე ვდგავართ, უკრაინაში რუსული ინტერვენციის მესამე თვეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, რაც პირველ ნაწილშიც იყო აღნიშნული.
იზიუმინთან რუსული სამხედრო შტაბის განადგურება, რა დროსაც ტერიტორიის დატოვებისას დაიჭრა რუსეთის გენშტაბის უფროსი გენერალი გერასიმოვი, უკვე ცხადად ადასტურებს რუსული ინტერვენციის მეორე ფაზის არა თუ ჩავარდნას, არამედ – სრულ კატასტროფასაც პირველი ფაზის მსგავსად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი არამარტო იარაღით და ფინანსებით, არამედ თანამედროვე ომის ისეთი ზემძლავრი ინსტრუმენტითაც ეხმარებიან უკრაინას, როგორიც სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომაა. ეს ფაქტორი გადამწყვეტიც კი შეიძლება, აღმოჩნდეს არა თუ ამ ომში, არამედ – ნებისმიერ სხვა გლობალური კონფლიქტისას.
უკრაინის გენშტაბს აქვს სრული ინფორმაცია რუსული სამხედრო ნაწილების მოსალოდნელ მანევრებზე, თანამედროვე ჰიბრიდული ომის შემადგენელიც – ვინც უკეთ ინფორმირებულია, ის შეიარაღებულიცაა, ამ შემთხვევაშიც, უნივერსალურ მოცემულობად რჩება!
მიმაჩნია, რომ ამ ომში, რომელიც რეალურად უკვე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაშია გადასული, სადაც საბრძოლო მოქმედებების თეატრი უკრაინაა, სიტუაციის რადიკალურად გარდატეხის შემტანი, წინა კვირაში ამერიკის პარლამენტის ორივე პალატის მიერ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის მიღება გახდება.
ნიშანდობლივია, რომ მეორე მსოფლიოს ომის დროს შტატების მიერ სწორედ ანალოგიური პროგრამის დამტკიცებამ დიდწილად გადაწყვიტა კიდეც ფაშისტური გერმანიის მარცხი და არამხოლოდ წითელი არმიის ძლევამოსილმა სვლამ, რაზეც საბჭოთა ისტორიული წყაროები გვაუწყებდენ და დღესაც ბევრს სჯერა“, – წერს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, ომში დასავლეთს ფსონი რუსეთის სრულ კაპიტულაციაზე აქვს დადებული.
„ამ ომის გეოპოლიტიკური გასაღები დევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განაცხადების კონტექსტში, რომ დასავლეთის მიზანი არ არის სტატუსკვოს დაბრუნება, არამედ – უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სრული და შეუქცევადი დამარცხება. ეს ნიშნავს, რომ ამ ომში დასავლეთს ფსონი რუსეთის სრულ კაპიტულაციაზე აქვს დადებული. რუსეთის კაპიტულაცია გარდა იმისა, რომ რუსეთის, მიტაცებული ტერიტორიების, მათ შორის საქართველოში, დეოკუპაციის თანმდევი იქნება, უნდა გახდეს კარგი მაგალითი ყველა ავტორიტარული მმართველებისათვის და, პირველ ყოვლისა, ჩინეთის ამბიციური სამხედრო გეგმების ფრთების შესაკვეცად.
უკრაინაში, ომის პირველი ფაზისაგან განსხვავებით, უკვე შედის ნატო-ს შეიარაღებაში არსებული არტილერია, საზენიტო და ზალპური ცეცხლის სისტემები, მათ შორის, ჰაუბიცები. გარდა ამისა, უკრაინას უკვე მიეწოდება ნატო-ს შეიარაღებაში მყოფი ტანკები და ავიაცია! უკვე დაწყებულია უკრაინელი პილოტების გადამზადება ამერიკული F-16-ების სამართავად, ამასთან, უკრაინელებს ამზადებენ ამერიკული რადიოლოკაციური და საზენიტო სისტემების გამოსაყენებლად, რაც ამერიკული “პეტრიოტების” გამოყენებასაც მოიცავს!
ცნობილი ხდება, რომ ამ ომის წინ, უკრაინულმა დანაყოფებმა გაიარეს წვრთნები როგორც ნატოს ეგიდით, ასევე სასწავლო ცენტრები გახსნილი იყო ლიეტუვაში და გერმანიაში, რამშტაინში ამერიკულ ბაზაზე!
ნატოს შეიარაღებაში, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიანი სარაკეტო შეიარაღების მიწოდება უკრაინისათვის მთლიანად ცვლის ომის თეატრს და თუ აქამდე უკრაინა ძირითადად საბჭოური იარაღით თავდაცვაზე იყო გადაწყობილი, უკვე მაისში უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევაზე გადასვლას, არა თუ დონბასის, არამედ ყირიმის დაბრუნებითაც. ეს სცენარი, რუსეთის სამხედრო ძალების დემორალიზაციის და გამოფიტვის ფონზე, როდესაც რუსეთს უკვე ნელ-ნელა ეწურება სამხედრო მარაგები სავსებით რეალისტურია.
რუსეთის დამარცხების სცენარებიდან, პოსტპუტინისტური ერა ორ ძირითად მოცემულობაში უნდა განვიხილოთ. პუტინის ჩანაცვლება გენერალიტეტის მიერ, დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე დიქტატურის დამყარებით, რაც რუსული იმპერიის უცილობელი დაშლის მხოლოდ დროში, ისიც მხოლოდ რამდენიმე წლით გადაწევის მცდელობა შეიძლება, იყოს და უკვე ამ წლის ბოლოს რუსეთის იმპერიის დაშლის ისტორიული კანონზომიერებით, რუსეთის შიგნით სამოქალაქო ომის ინსცენირებითაც. და თუ ეს ასე მოხდა, პირველი რუსეთიდან კადიროვის ჩეჩნეთი გავა და შემდეგ თათარსტანი, სადაც რუსეთის იურისდიქცია ისედაც ფორმალურია, თუნდაც დღევანდელ რუსულ იმპერიაში!
საქართველოსთვის ამ გლობალური გამოწვევევების ფონზე, საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო კორიდორი წმინდა გეოპოლიტიკურ დატვირთვას იძენს. რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საქონლის ტრანსპორტირებაში რუსეთის წამყვან გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტსაც წარმოადგენდა, ფაქტობრივად, ბლოკირებულია სანქციების გამო და დღეისათვის უკვე მნიშვნელობას კარგავს.
ამავდროულად, იზრდება შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო ხაზის – შუა კორიდორის – უპირატესობა, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, კონკურენტუნარიანი სატრანზიტო ხაზი და ევროპასა და აზიას შორის ტვირთის მიმოცვლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დამაკავშირებელი ხაზი გახდეს.
აქვე აღვნიშნავ, რომ შუა კორიდორი ევროპისა და აზიის კონტინენტებს შორის უმოკლეს გზაა და მას შეუძლია, ტვირთი 15 დღეში გაატაროს და შემთხვევითი არ იყო, რომ 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამდე ცნობილი “აბრეშუმის გზაც” აქ გადიოდა.
მიუხედავად ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებისა, რაც საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობისა და სხვა პრობლემების გამო მოცემული კორიდორის უპირატესობას ამცირებს, ევროკავშირის, ტრანსჩინური და სხვა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიერ შუა კორიდორის ეფექტიანად ათვისება უფრო რეალური ხდება, რასაც მესამე ნაწილში უფრო დეტალურად შევეხები და რაც ჩვენი ეკონომიკის ზრდის პერსპექტივას ბაზისური სცენარიდან ოპტიმისტურ სცენარად გადააწყობს და უახლოეს 5 წელიწადში მშპ-ის გაორმაგებასაც თავისუფლად უზრუნველყოფს!“, – წერს ანალიტიკოსი.