კომპანია ფეისბუქი განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას უფასო ინტერნეტს აჩუქებს
კომპანია ფეისბუქმა 31 ივლისს სასიამოვნო ინფორმაცია დაანონსა. ეს გახლავთ უფასო ინტერნეტის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ განვითარებადი ქვეყნები. ამ სერვისით სარგებლობას პირველად ზამბიის მოსახლეობა შეძლებს. მომხმარებლებს ამ პროგრამის გააქტიურება საიტ Internet.org -დან ჩამოტვირთვით ან კიდევ ფეისბუქის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ფეისბუქისა და კიდევ 11 საიტით უფასოდ სარგებლობა, მათ შორისაა Google და Wikipedia. ამ ეტაპზე უფასო ინტერნეტის პროგრამით სარგებლობა ზამბიაში მხოლოდ ადგილობრივი ოპერატორის Airtel -ის აბონენტებს შეეძლებათ. ამ ინიციატივის ავტორი თვით ფეისბუქის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგია. მისი თქმით, ინტერნეტის წვდომასთან დაკავშირებით განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებელთა პრობლემა მდგომარეობს არა შესაბამისი მოწყობილობებში, არამედ ინტერნეტ ტრაფიკების ზედმეტად მაღალი საფასური. ექსპერტების აზრით, ფეისბუქის ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სოციალური ქსელის განვითარების ტემპი დასავლურ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შესუსტდა, ამიტომაც აუცილებელია ახალი მომხმარებლების მოზიდვა. მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქთან დაკავშირებით ამბიციური ამოცანა დაისახა – ქსელის აუდიტორიის 3-5 მილიარდ მომხმარებლამდე გაზრდა.