აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ისტორიული ზამთრის შტორმია, რის გამოც 59 მილიონი ადამიანი ამინდის გაუარესების გამო გაფრთხილებულია,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის მასაჩუსეტსში, კონექტიკუტში, დელავერში, ნიუ ჯერსიში და როდ-აილენდში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქარბუქის გამო რამდენიმე შტატში დაწესდა მგზავრობის შეზღუდვები ან აკრძალვები და გაუქმდა ათასობით რეისი.
როგორც მედია აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ რეგიონის დიდი ნაწილისთვის ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის შტორმი იქნება, რაც თოვლს, ძლიერ ქარს და სანაპირო ზოლის წყალდიდობას გამოიწვევს.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უამრავი ასეთი ქარიშხალია, რომლებიც თოვლს იწვევს, რამდენიმე წელია, რაც ამხელა მასშტაბის ქარიშხალი ქვეყნის ამ ძალიან დასახლებულ ნაწილში არ გვინახავს“, – განუცხადა BBC-ის ამინდის პროგნოზირების ცენტრის მეტეოროლოგმა კოდი სნელმა.
FlightAware-ის მონაცემებით, კვირას აშშ-ში დაახლოებით 5,500 რეისი გაუქმდა, ხოლო ასობით გადაიდო.