ნინო წილოსანი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების, აქ ყოფნის სათანადო რეგულაციების განხორციელებაზე
“უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოღებული კვოტები საქართველოს მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვას ემსახურება”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების, ქვეყანაში ყოფნის სათანადო რეგულაციების განხორციელებაზე.
„საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო, სწორად ყოფილიყო განსაზღვრული, რომ ისეთ პროფესიებში და დასაქმების ადგილებზე, სადაც განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, ქართულ მუშახელს წაართვან სამუშაო ადგილები, რაღაცნაირად ჩაანაცვლონ. მთავრობის მიერ შემოღებული კვოტები სწორედ საქართველოს მოქალაქეების ადგილების დაცვას ემსახურება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ჩვენი მოქალაქეები მოგებული დარჩებიან. ეს არ იქნება ბოლო ინიციატივა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში დასაქმების, აქ ყოფნის სათანადო რეგულაციების განხორციელებაზე. ეს ყველაფერი მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით საუკეთესო შედეგების მომცემი იქნება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანის, საკურიერო მომსახურებისა და გიდების მიმართულებით ვერ დასაქმდებიან.