სტოლტენბერგი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს.

ამის შესახებ მან “2022 წლის ახალგაზრდულ სამიტზე” გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, მას ჰკითხეს, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, იყოს ეფექტური უკრაინისთვის რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, რაზეც სტოლტენბერგმა თქვა, რომ, ”უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ომის დასრულება”.

“ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო და მას შეუძლია, ხვალვე დაასრულოს ომი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინზე, რომ დაასრულოს ომი სანქციების დაწესებით, უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერით. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით,  უკრაინაში ვითარება ძალიან არაპროგნოზირებადი და მყიფეა.

“მაგრამ არსებობს აბსოლუტური შესაძლებლობა, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეების და წლების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ ახლა ნატო-ში ვართ და ალიანსის წევრი ქვეყნები ემზადებიან დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერისთვის; ასევე, დავეხმაროთ უკრაინას საბჭოთა პერიოდის ძველი აღჭურვილობიდან უფრო თანამედროვე იარაღსა და ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლაში, რაც ასევე მოითხოვს მეტ წვრთნებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც იქნება ნატო-ს პარტნიორი, რომელსაც ძალიან აფასებენ.

„ჩვენ მრავალი წელია, ვთანამშრომლობთ უკრაინასთან მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში და მხარს ვუჭერდით უკრაინის სვლას ნატო-ში გაწევრიანებისკენ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას. მაგრამ ისეთ სიტუაციაში, როდესაც მშვიდობა გვექნება, როდესაც შევძლებთ ომის დასრულებას და მაშინ უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და განვიხილოთ უკრაინასთან ერთად, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების მექანიზმები, რა სახის სტრუქტურა“, – დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები