CNN-მა რუსეთ-უკრაინის ომში შეერთებული შტატების მთავარი მიზანი დაასახელა
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განმარტეს, თუ რატომ უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირებაში.
როგორც CNN მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება, შეერთებულ შტატებს სურს, აგრესორი ქვეყანა დაასუსტოს, რომ მას თავდასხმის უნარი აღარ ჰქონდეს.
25 აპრილს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონს სურს, იმ დონეზე დასუსტებული რუსეთი იხილოს, რომ უკრაინაში განხორციელებული აგრესია მოსკოვსა და კრემლისთვის უკანასკნელი იყოს, რომ მან სხვა ქვეყნებში შეჭრის უნარი დაკარგოს.
„ჩვენ გვსურს, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, რომ ვერ შეძლოს იმის გაკეთება, რაც ქნა უკრაინაში შეჭრის დროს“, – ციტირებს პენტაგონის ხელმძღვანელს CNN-ი.
ამ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ანონიმური წარმომადგენელი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ოსტინის სიტყვები შეერთებული შტატების ბოლო თვეების მიზნებს სრულად ასახავს.
მისი თქმით, ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი “რუსეთის სტრატეგიული მარცხი” გახდეს.
ამერიკელი პარტნიორები გააგრძელებენ კიევისთვის სერიოზული სამხედრო დახმარების გაწევას, ასევე, მოსკოვზე ზეწოლას სანქციებითა და ექსპორტის კონტროლით.
როგორც სამხედრო ჩინოვნიკმა აღნიშნა, მიზანი „რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო უნარისთვის ძირის გამოთხრაა, რომ ვეღარ შეძლოს მეზობლების მუქარა და თავდასხმა”.