რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადადის
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა.
პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ წარადგინა. კენჭისყრის შედეგად, 81 მომხრე, 6 წინააღმდეგი, პარლამენტმა კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას, მხარი დაუჭირა.