26 აპრილი ანსამბლ „რუსთავის” ლეგენდარული სოლისტის, ჰამლეტ გონაშვილის უცვლელი პარტნიორის, რამინ მიქაბერიძის დაბადების დღეა
ანსამბლ „რუსთავის” ლეგენდარული სოლისტი, ჰამლეტ გონაშვილის უცვლელი პარტნიორი და დამსახურებული ხელოვანი, ლოტბარი რამინ მიქაბერიძე დღეს იუბილარია. მას 78 წელი შეუსრულდა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ულოცავს ბატონ რამინს იუბილეს, ვუსურვებთ მხნეობასა და ჯანმრთელობას.
რამინ მიქაბერიძე 1944 წლის 26 აპრილს დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1963-67 წლებში თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.
შემდეგ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მომღერალი – სოლისტი იყო, მოგვიანებით კი სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა.
საშემსრულებლო ხელოვნების პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 12 წელი ხელმძღვანელობდა ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეს“; აჭარაში, ბათუმშიც ჩამოაყალიბა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლიც.
არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი.