ბრიტანელი მინისტრი: სრულიად ლეგიტიმურია უკრაინის მხრიდან რუსეთის ობიექტებზე იერიშის მიტანა
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, ჯეიმს ჰიპი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ობიექტებზე თავდასხმა სრულიად ლეგიტიმურია.
ამის შესახებ მან Times Radio-ს ეთერში განაცხადა, – მის სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.
„საქმე ისაა, რომ უკრაინა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობდა მის საზღვრებში, შემდეგ კი სხვა ქვეყანამ ამ საზღვრების დარღვევა გადაწყვიტა და 130 000 ჯარისკაცი გაგზავნა მათ ქვეყანაში. ეს იყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასაწყისი და ომში უკრაინამ მტერს სიღრმეში უნდა დაარტყას, რომ ზიანი მიაყენოს მის ლოჯისტიკას, საწვავის მარაგებს, საბრძოლო მასალების საწყობებს. ეს ომის ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთმა უკრაინა ბელგოროდისა და ბრიანსკის რაიონებში სამიზნეების დაბომბვაში დაადანაშაულა, 25 აპრილს კი განაცხადა, რომ ჩამოაგდო ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც კურსკის ოლქის თავზე დაფრინავდნენ.