ბუჩას ჟლეტა – უკრაინის საოლქო პროკურატურამ რუსი სამხედროების ვინაობა დაადგინა

ბუჩას რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა იმ რუსი სამხედროების ვინაობა დაადგინეს, რომლებიც ბუჩას ჟლეტაში მონაწილეობდნენ. საუბარია რუსეთის 35-ე გაერთიანებული არმიის და 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურებსა და სამხედროებზე.

ამის შესახებ ტელემარათონის დროს ბუჩას საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ თქვა.

„გარკვეულწილად, ფინიშს ვუახლოვდებით. პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება რუსეთის აგრესიის დოკუმენტირებას აგრძელებს. ოკუპაციის შემდეგ, ცეცხლსასროლი და ნასხლეტი ჭრილობებით 298 ცხედარია ნაპოვნი “, – აღნიშნა კრავჩენკომ.

მისი თქმით, გამომძიებლები ყველა იმ რუსი სამხედროს ვინაობას ადგენენ, რომლებიც ბუჩაში იმყოფებოდნენ და მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ.

“დგინდება მათი გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადი ნომრები, კონტაქტები. ამის შემდეგ ხდება კონკრეტული პირის იდენტიფიცირებისა და ვიზუალიზაციის პროცედურა, ანუ დგინდება თითოეული სამხედროს ფოტო და დეტალური ინფორმაცია“, – განაცხადა კრავჩენკომ და დასძინა, რომ შემდეგ ამ მასალებს დაზარალებულებს იდენტიფიცირების მიზნით წარუდგენენ.

ასევე, მისივე თქმით, დანიშნულია იარაღის, მისი გამოყენების კვალის ექსპერტიზა, ასაფეთქებელი მოწყობილობების ექსპერტიზა, სამხედრო და სასაქონლო ექსპერტიზა.

გარდა ამისა, პროკურორებმა, ექსპერტებთან ერთად, დრონებისა და სხვა სპეცტექნიკის გამოყენებით, ზარალის დადგენის მიზნით, ბუჩას მთელი ტერიტორია დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები