„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“? – კინოჩვენება „მზიურში“

28 აპრილს, 20:00 საათზე,  „მზიურის“ დიდ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ალექსანდრე კობერიძის ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“? ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება სეზონის პირველი კინოჩვენება.
„ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტში ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული და კინოკრიტიკოსთა ფედერაციის საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა. ფილმი პრესის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა ფესტივალზე, გასული წლის ბოლოს კი კინოგამოცემა Indiwire-ის გამოკითხვაში, სადაც ხმა მსოფლიოს 187- მა კრიტიკოსმა მისცა, 2021 წლის საუკეთესო 10 ნამუშევარში მოხვდა.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ლიზას და გიორგის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებსაც ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
რეჟისორი პირველივე კადრებიდან ბავშვობაში, ზღაპრულ სამყაროში გვაბრუნებს, სადაც უსულო საგნებიც საუბრობენ და განიცდიან, ადამიანები კი „ავი თვალის“ წყევლის შედეგად დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ – სასიყვარულო წერილია კინოსადმი, რომლის ყურებისას არაერთი ფილმი თუ ავტორი გაგახსენდებათ სხვადასხვა ეპოქიდან და მიმდინარეობიდან, მათ შორის –  ქართული კინოკლასიკიდანაც. მსახიობებთან ერთად ფილმში მთავარ პერსონაჟებად გვევლინებიან – ქუთაისი, ფეხბურთი და ქუჩის ძაღლები, რომელთაც რეჟისორი განსაკუთრებული სიყვარულით გვაცნობს.
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ავტორებთან და მსახიობებთან ერთად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისათვის: პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული საავტორო კინოს პოპულარიზაცია და ბოლო წლების ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება; კინოს მეშვეობით აქტუალურ თემებზე სხვადასხვა ასაკის მაყურებელთან დისკუსიების წარმართვა; თანამედროვე ქართველი რეჟისორების ჩართვა და მაყურებლთან შეხვედრების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები