წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საპარტნიორო ფონდისა და მისი კონსულტანტის, შვეიცარიული კომპანია Kohl & Partner-ის ორგანიზებით ქალაქ წყალტუბოში საკურორტო ზონის განვითარების შესაძლებლობებზე სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარტნიორო ფონდის, მსოფლიო ბანკის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ადგილობრივი ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები, ურბანისტიკის, გარემოს დაცვის სპეციალისტები, არქიტექტორები და ევროპული სპა კურორტების წარმომადგენლები.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, ფონდმა წყალტუბოს კურორტის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა მაისის თვეში დაიწყო, კურორტის შესაძლებლობების შესასწავლად კი Kohl & Partner დაიქირავა. როგორც ფონდში აცხადებენ, კვლევა მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების შესაძლო განვითარებას, ბუნებრივი აქტივების ტექნიკურ კვლევას, საკურორტო კომპლექსის განაშენიანებისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმას. კვლევა რამდენიმე თვეში დასრულდება და შემოდგომისთვის საპარტნიორო ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციას მოამზადებს. სამუშაო შეხვედრაზე Kohl & Partner-ის წარმომადგენლებმა ანდრეი გრიბიმ და მარტინ შმიდლიმ ისაუბრეს წყალტუბოს სპა კურორტის განვითარების შესაძლო მოდელებზე, რის ირგვლივაც აქტიური დისკუსია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის დროს გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები Kohl & Partner-ის მიერ საპარტნიორო ფონდისთვის წარსადგენ საბოლოო კონცეფციაში აისახება. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Kohl & Partner, სასტუმროების და ტურიზმის განვითარების კუთხით მუშაობს და წარმოდგენილია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ბულგარეთში.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი კი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.