ლადო პაპავა: 2012 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 3 500 დოლარამდე იყო, 2022 წელს კი 5 600-ზე მეტი იქნება – ყველაფერი შედარებითია

2012 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 3 500 დოლარზე ნაკლები იყო. ზრდა, რა თქმა უნდა, არის. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის თანახმადაც საქართველოში 2022 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 5 600 დოლარზე მეტი იქნება, – ამის შესახებ პროფესორმა, ლადო პაპავამ განაცხადა, რითაც ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ჟურნალისტების განცხადებებს, თითქოს, საქართველო მშპ-ს მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე მყოფი ქვეყანაა, გამოეხმაურა.

როგორც მან “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ასეთი განცხადებებისას ჯობს, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დავეყრდნოთ და არა – გაურკვეველ მონაცემებს.

“ყველაფერი არის შედარებითი. 2012 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 3 500 დოლარზე ნაკლები იყო. ზრდა, რა თქმა უნდა, არის. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის თანახმადაც საქართველოში 2022 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 5 600 დოლარზე მეტი იქნება.
აქ ერთ რამეს უნდა მიექცეს ყურადღება, თუნდაც ის ცხრილები და დიაგრამები, რითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს, ძალიან საინტერესო მაჩვენებლებია. იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეს თუ გადავხედავთ, მთლიანი სამამულო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოზე მეტი აქვს რუსეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს და ა.შ., ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან ენერგორესურსების ექსპორტიორი ქვეყნები, რომელთაც აქვთ ნავთობი და გაზი. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ბალტიის ქვეყნები, რომლებიც უკვე ევროკავშირის წევრები არიან. თუ ავიღებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი, მოლდოვა, აქ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ხოლო ბელორუსის შემთხვევაში, ის პრაქტიკულად „წურბელასავითაა“ მიბმული რუსეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი იქ უფრო მაღალია.
რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ შეფასებებს ვაკეთებთ, უმჯობესია დავეყრდნოთ საერთაშორისო ფონდის მაჩვენებლებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ მაჩვენებლების გადასინჯვა მოსალოდნელია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვა ხდება, იმის მიხედვით თუ როგორი სიტუაციაა მსოფლიოში და ამა თუ იმ ქვეყანაში”, – განაცხადა პაპავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021-2027 წლების წინასწარი შეფასება და პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021-2027 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ოპოზიციის მტკიცებით კი, ეს მაჩვენებლები არ მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები