ნანა კაკაბაძე – „ვადამდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა მომაკვდავი გედის სიმღერას ჰგავს“

ვადამდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა მომაკვდავი გედის სიმღერას ჰგავს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არც იურიდიული საფუძველი აქვს და არც – ლოგიკური.

„ბოლო პროცესები ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შეიქმნა. მათ უკვე მერამდენედ დააანონსეს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს იწყებენ, რამაც, ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი დაკარგა, ყავლი გაუვიდა. ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ არენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო სიმღერაა და ის პოლიტიკას ემშვიდობება. მათ ყველანაირი შესაძლებლობები ამოწურეს, ბრძოლა ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის და, როგორც ჩანს, ისინი პოლიტიკას ემშვიდობებიან. რატომ ვფიქრობ ასე: მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, კონსტიტუციურად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ამაში  არც ლოგიკაა. რას ნიშნავს, რომ ეს კონსტიტუციურად შეუძლებელია: კონსტიტუცია ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს: ეს არის ის ვითარება, თუ ვერ დამტკიცდა მთავრობა და ბიუჯეტი. არც ერთი და არც მეორე რეალობა დღეს ჩვენს ქვეყანაში არაა. აქედან გამომდინარე, ვადამდელ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმური, კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამას არც ლოგიკა აქვს. კონსტიტუციით შემდეგი არჩევნები 2024 წელს უწევს. დღეს მთელმა ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთადაც რომ მოინდომოს ვადამდელი არჩევნები, ის სადღაც 2023 წლის შუა პერიოდამდე ჩატარებული ვერ იქნება, რადგან პარტიებისთვის ვადების მიცემას, არჩევნების გამოცხადებას თავის ვადები აქვს. ეს მინიმუმ 6-7 თვეს გაიწელება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2024 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვე რჩება. ანუ ამას არც ლოგიკა გააჩნია, გარდა იმისა, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს.
ვადამდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა რაღაცნაირად მომაკვდავი გედის სიმღერას ჰგავს. აცხადებენ, თითქოს, ისინი მარტო კი არ არიან, არამედ ოპოზიციის ზოგად მოთხოვნას აჟღერებენ. არც საზოგადოების მზაობაა იმაზე, რომ ვინმე ამ მოთხოვნით გამოვიდეს. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს განწირული მოთხოვნაა“, – განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციასაც გაემიჯნა და მარტო დარჩა.

„მაშინ რაში მდგომარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მოთხოვნა, რატომ იყო საჭირო, რომ ეს დაეყენებინათ. უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ ისინი არა მარტო ხელისუფლებას გაემიჯნენ, არამედ – ოპოზიციასაც. მათ არ, თუ ვერ მიიღეს მონაწილეობა იმაში, რომ საქართველოდან უკრაინაში წასულ დელეგაციას შეერთებოდნენ, დანარჩენ ოპოზიციას გამოეყვნენ. ნათლად გამოჩნდა ის, რომ დანარჩენ ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული ბმა, რაღაცნაირად უკრაინის მოვლენებმა ჩაწყვიტა და ისინი ოპოზიციასაც ჩაეხსნენ, აბსოლუტურად მარტო დარჩნენ.
აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მოწვევა უკრაინიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეზე მოვიდა და იქ ოპოზიციის მიწვევა გათვალისწინებული არ იყო. დანარჩენი ოპოზიციის ძალისხმევით მოხდა ის, რომ ისინი მოხვდნენ და ჩაერთნენ იმ ჯგუფში, რომელიც უკრაინაში წავიდა. ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობამ იმ მიმართულებით, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება იგნორირებული ყოფილიყო, ვერ იმუშავა. მართალია, გარკვეულ ეტაპზე იმუშავა, ჩვენს სახელმწიფოს ზიანი მიადგა იმ მხრივ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუმსახურებელი კრიტიკა და მოთხოვნები იყო, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკრულზე ნაბიჯების გადადგმა როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის წამგებიანი იყო. მოხერხდა ის, რომ უკრაინის ხელისუფლება იქაც გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები