უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებში ქალაქი მარიუპოლი “წითელი ხაზი” იქნება.
ამის შესახებ მინისტრმა CBS News-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე რუსეთის დელეგაციასთან კონტაქტები არ ყოფილა.
„კონტაქტების ერთადერთი დონეა მოლაპარაკებათა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტის და პარლამენტის წევრებისგან შედგება. ისინი საექსპერტო დონეზე კონსულტაციებს აგრძელებენ. მაგრამ მაღალი დონის მოლაპარაკებები არ გამართულა. ბუჩას შემდეგ, განსაკუთრებით რთული გახდა რუსებთან მოლაპარაკებების გაგრძელება“, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლში საშინელი ვითარებაა.
„ქალაქი აღარ არსებობს. იქ დარჩენილი უკრაინის არმია და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი, ფაქტობრივად, გარშემორტყმულია რუსული ჯარების მიერ, ისინი აგრძელებენ ბრძოლას. მაგრამ მარიუპოლში რუსული არმიის ქცევიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მათ გადაწყვიტეს, ნებისმიერ ფასად, ქალაქის მიწასთან გასწორება“, – აცხადებს კულება.
მისი თქმით, „მარიუპოლი მოლაპარაკებებში შესაძლოა „წითელი ხაზი“ გახდეს”.
მარიუპოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქში, დაახლოებით, 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge