სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები – ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სესიაზე განიხილავენ შემდეგ ძირითად საკითხებს: სურსათის უვნებლობის საერთაშორისო რეკომენდაციები; ახალი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათით ვაჭრობის სამართლიანი პრაქტიკის დანერგვას; სასურსათო დანამატების რეგულირება – გამოყენების ნორმები და მათი უსაფრთხოება, რაც პროდუქციის შემადგენლობის კონტროლის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დახვეწას გულისხმობს; სტანდარტების ჰარმონიზაცია – სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ჰიგიენური ნორმების დაახლოება საერთაშორისო მოთხოვნებთან, რაც პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის პროცედურებს გაამარტივებს. მონაწილეები, სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სურსათის წარმოების ჯაჭვში არსებული გამოწვევების მართვის მექანიზმებსაც განიხილავენ.
სააგენტოს დელეგაციის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ფორუმებში ჩართულობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემის სრულყოფასა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს 188 წევრ ქვეყანასა და ერთ წევრ ორგანიზაციას (ევროკავშირი). ფორუმს დამკვირვებლის სტატუსით საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.