თბილისის მერი საქართველოში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში გაერო,ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მისიის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად განხორციელებულ და მიმდინარე ჰუმანიტარულ აქტივობებს.
მხარეებმა ასევე ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს. კახა კალაძე გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიის ხელმძღვანელს ყველა იმ მუნიციპალურ პროგრამასა და ჰუმანიტარულ ღონისძიებაზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და თბილისში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად ხორციელდება.

„პირველ ყოვლისა, მადლობა თანამშრომლობისთვის. საქართველო და მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტი, მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოში შემოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ჩვენ შევძელით მუნიციპალური სერვისები გაგვეხადა უფასო და ხელმისაწვდომი უკრაინელი დევნილებისთვის. მათ შორის, ტრანსპორტით გადაადგილება, საბავშვო ბაღების მომსახურება, სპორტული და შემოქმედებითი წრეები და სხვა.

ამასთან, ჩვენი ორგანიზებით, კერძო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით, თბილისიდან გაიგზავნა 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება და ამდენივე იგზავნება კიდევ ეტაპობრივად. თბილისის ათივე რაიონის გამგეობას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია უკრაინის მოქალაქეებთან და უწევენ მაქსიმალურ დახმარებას მათ. მე იმედი მაქვს, თქვენთან თანამშრომლობით, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ უკრაინელ დევნილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც UNHCR-ის მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია თბილისის მერიის მიერ გაწეული დახმარებების შესახებ, რაც ძალიან შთამბეჭდავია.
კემლინ ფურლიმ კახა კალაძეს თბილისის მიერ უკრაინელი ხალხისადმი აქტიურად გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განხილული საკითხების მოგვარების პროცესში აქტიური ჩართვა და გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა კახა კალაძემ შეხვედრის მონაწილე მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები