შოლცი: გერმანია და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს.

ამის შესახებ მან RBB-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაწვდით, მივაწოდეთ და მივაწვდით იარაღს. ამას გავაკეთებთ მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, ამას მარტო არ გავაკეთებთ, გერმანია სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად არ იმოქმედებს“, – განაცხადა მან.

შოლცმა უარყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები ენთუზიაზმით აწვდის იარაღს უკრაინას. მისი განმარტებით, იმ ქვეყნებს მეტი საბჭოური წარმოების იარაღი აქვთ, რომლის მიწოდებაც უკრაინისთვის გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ უკრაინამ და გერმანიამ ერთად შეადგინეს იარაღის სია, რომლის მიწოდებაც ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს შეუძლია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლობისტურმა სტრუქტურებმა არ უნდა მოახდინონ გავლენა ამ საკითხებზე, გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ტექნიკის მოსავლელად, ან სათადარიგო ნაწილების მისაწოდებლად უკრაინაში, გერმანელ ჯარისკაცებს არ მოუწიოთ ჩასვლა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა დაიცვას პრინციპი, რომ ის, როგორც ნატო-ს ქვეყანა, „კონფლიქტის მხარე არ უნდა გახდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები