“ის არ არის რუსეთის მოქალაქე” – კრემლმა მედვედჩუკს ზურგი აქცია

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, შესაბამისად, მისთვის უცნობია, სურს თუ არა დაკავებულს, ტყვეებზე იყოს გაცვლილი.

„რაც შეეხება მის გაცვლას, რომელზეც კიევის სხვადასხვა მოღვაწე სიამოვნებით საუბრობს: მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე. მას არანაირი კავშირი არ აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის არის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ფიგურა. საერთოდაც არ ვიცით, სურს თუ არა მას რუსეთის რაიმე მონაწილეობა, მის მიმართ შექმნილი ვითარების მოგვარებაში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ამასთან, კრემლი მადლობას უხდის მედვედჩუკს ბოლო წლების განმავლობაში დაკავებულთა გაცვლის ორგანიზებისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისთვის.

„ჩვენ და უდავოდ, დონბასის ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელნი ვართ მედვედჩუკის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებულთა გაცვლის ორგანიზებისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის გამო, რასაც ის აკეთებდა, მათ შორის, კიევის ხელისუფლების თხოვნით“, – განაცხადა მან.

ვიქტორ მედვედჩუკი, რომლის შვილის ნათლიაც ვლადიმერ პუტინია, გუშინ დააკავეს.

მედვედჩუკი სისხლის სამართლის ორ საქმეში სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

2021 წლის 12 მაისს დეპუტატი ოკუპირებულ ყირიმში ეროვნული რესურსების ძარცვის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და საომარი მოქმედებების კანონების დარღვევის, ასევე, ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელების საქმეშია ეჭვმიტანილი.

იმავე წლის ოქტომბერში მედვედჩუკს „ქვანახშირის საქმეში“ ღალატსა და ტერორიზმში თანამონაწილეობის ბრალი წარუდგინეს. გამოძიების სახელმწიფო ბიურო უკრაინის მოქალაქეების ჯგუფის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებისთვის ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას იძიებს. სამართალდამცავებმა „ნახშირის საქმეში“ მედვედჩუკის საქმიანობის დოკუმენტირება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს.

27 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები