მიხეილ სარჯველაძე: ანგარიშში იმაზე მეტი არაფერია ნათქვამი, რომ ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად
“ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა) ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ არის”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე საუბრისას აღნიშნა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.
მისივე თქმით, ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება სრულად ინფორმირებული არ არის.
“ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ. მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული – დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსხვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით. ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც. ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი. ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც”, – განაცხადა სარჯველაძემ.