„2013 წელს, საპატიმრო დაწესებულებებში არ დაფიქსირებულა წამების ფაქტები, შემცირდა სიკვდილიანობა“

სახალხო დამცველმა 2013 წლის ანგარიშში ვრცლად ისაუბრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე. უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ გასულ წლებთან შედარებით 2013 წელს, პენიტენციურ სისტემაში სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.
„მნიშვნელოვნად შემცირდა მსჯავრდებულთა რაოდენობა, აღმოიფხვრა ციხეების გადატვირთულობის პრობლემა და გაუმჯობესდა პირობები. 2013 წელს, არ დაფიქსირებული წამების ფაქტები, შემცირდა სიკვდილიანობა.
მიუხედავად ამისა, საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის ეფექტური დაცვა. გასულ წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლინდა შემდეგი პრობლემები: პატიმართა არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციისა და სხვა პატიმართა მხრიდან, მსჯავრდებულთა გადაყვანა ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სათანადო საფუძვლისა და მიზეზის გარეშე, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა განმეორებითი ძალადობისა და დაშინებისაგან. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების დანაშაულების კვალიფიკაცია. საყოფაცხოვრებო პირობებს შეუსაბამობა ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის, მე-6, მე-14, მე-12, მე-8 და მე-7 დაწესებულებებში.
აღნიშნული საკითხების მოწესრიგების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მთავარ პროკურორს, რათადაიწყოს გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტზე და მოახდინოს მათი შესაბამისი კვალიფიკაცია. რეკომენდაცია ასევე შემუშავდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურის მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იქნას არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ძალის გამოყენების შესახებ სწავლება ჩაუტარდეთ დეპარტამენტის თანამშრომლებს, გარემონტდეს მე-6, მე-12, მე-14, მე-8 და მე-7 დაწესებულებები და შეუსაბამდეს ისინი საერთაშორისო სტანდარტებს“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
მან ასევე წინადადებით მიმართა პარლამენტს, რათა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს მიენიჭოს უფლება, მოახდინოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების კვალის და დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს ფოტოგრაფირება.
„სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა გარესამყაროსთან არასათანადო კონტაქტის პრობლემა. კერძოდ, აღნიშნული ეხება ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეო-პაემნებს, ასევე სატელეფონო საუბრების საკითხებს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა პარლამენტს, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები პატიმრობის კოდექსში, რათა სამარტოო საკანში მოთავსებულ პირებს, შეუნარჩუნდეთ პაემნის უფლება და პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს მიეცეთ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრებს მოკლევადიანი პაემნების დროს ახლობლებთან ურთიერთობა მინის გამყოფი ბარიერის გარეშე უნდა შეეძლოთ. უჩა ნანუაშვილის თქმით, ზოგიერთ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ხანგრძლივი პაემანი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყოს.
ნანუაშვილმა ასევე ისაუბრა მე-8 დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სრულწლოვან მსჯავრდებულებთან კონტაქტის პრობლემაზეც, რაც პატიმრების დაწესებულებაში არასწორი განაწილების შედეგად არის გამოწვეული. მისი თქმით, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები სხვა პატიმრებთან ერთად იხდიან სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები