უკრაინის შსს-ში ზელენსკის უპასუხეს, რომელიც მედვედჩუკის გაცვლის წინადადებით გამოვიდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაჟღერებულ წინადადებას გამოეხმაურა, რომ დაკავებული სახალხო დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომლის შვილის ნათლია ვლადიმერ პუტინია, უკრაინელ ტყვეებზე იყოს გაცვლილი.
ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედვედჩუკმა ჯერ საჭირო ჩვენებები უნდა მისცეს, ასევე, სასურველია, რომ მიიღოს სასამართლოს განაჩენი.
„როდესაც მედვედჩუკზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, სწორი იქნება 2 რამის გაკეთება: მან გარკვეული ჩვენებები უნდა მისცეს, რადგან მას აქვს უზარმაზარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ მისცა ფული კოლაბორანტებს. ასევე, იდეალურ შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს სასამართლო“, – თქვა დენისენკომ “24-ე არხზე”.
მინისტრის მრჩევლის თქმით, ამის შემდეგ, მედვედჩუკი რუსეთში მყოფ უკრაინელ ტყვეებში უნდა გაცვალონ.
12 აპრილის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ვიქტორ მედვედჩუკია დაკავებული. მოგვიანებით, სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთს დატყვევებული უკრაინელების გაცვლა შესთავაზა.
მედვედჩუკი სისხლის სამართლის ორ საქმეში სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
2021 წლის 12 მაისს დეპუტატი ოკუპირებულ ყირიმში ეროვნული რესურსების ძარცვის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების და საომარი მოქმედებების კანონების დარღვევის, ასევე, ქვეყნის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელების საქმეშია ეჭვმიტანილი.
იმავე წლის ოქტომბერში მედვედჩუკს „ქვანახშირის საქმეში“ ღალატსა და ტერორიზმში თანამონაწილეობის ბრალი წარუდგინეს. გამოძიების სახელმწიფო ბიურო უკრაინის მოქალაქეების ჯგუფის მიერ, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებისთვის ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივ სქემას იძიებს. სამართალდამცავებმა „ნახშირის საქმეში“ მედვედჩუკის საქმიანობის დოკუმენტირება, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს.
27 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.
ცნობისთვის, 2004 წელს პეტერბურგის ყაზანის საკათედრო ტაძარში მედვედჩუკის ქალიშვილი, დარია რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსის დიმიტრი მედვედევის მეუღლემ, სვეტლანა ვლადიმეროვნამ მონათლეს.