გაერო: სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების ბრალდებებს და დამნაშავეებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომიტეტი ცნობს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევას, დახმარება გაუწიოს ადამიანის უფლებათა დარღვევების შედეგად დაზარალებულებს და შეშფოთებას გამოთქვამს მთავარი პროკურორის ოფისში შესული ათიათასობით საჩივრის გამო , რომელებიც 2012 წლის არჩევნებამდე ჩადენილ დანაშაულებს ეხება, მათ შორის საქმეებს მიკერძოებული სასამართლოს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და ქონების უკანონო ჩამორთმევის შესახებ.
კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიება და, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დარღვევები 2012 წლის არჩევნებამდე იქნა ჩადენილი, თავიდან აიცილოს აღნიშნული საქმეების პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღქმა. სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს, რათა ამ დარღვევების შედეგად დაზარალებულებს სათანადო დახმარება გაეწიოთ, კონვენციის მე-2 მუხლის მე-3 პარაგრაფის შესაბამისად.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას.
„ამ ორგანომ უნდა უზრუნველყოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიება, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულებების იმ მუხლებით კვალიფიცირება, რომლებიც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. სახელმწიფომ ასევე უნდა მოამზადოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სპეციალისტები“,- ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები