სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო 

სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. დევნილებს და ეკომიგრანტებს იმ პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.

კერძოდ, საუბარია სასათბურე მეურნეობის მოწყობაზე. ბენეფიციარს, რომელსაც საკუთრებაში აქვს მიწა, შესაძლებლობა აქვს 20 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვოს და 240 კვმ. ფართობზე სასათბურე მეურნეობა მოაწყოს ნებისმიერი კულტურისთვის საკუთარ ცოდნა-უნარებზე დაყრდნობით.

,,დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმედი მაქვს, დაფინანსების შემთხვევაში, ეს დახმარება დადებითად აისახება დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ მდგომარეობაზე”, – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა, თამარ გავაშელმა.

შეხვედრას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი , დავით ბახტაძე, რომელმაც კონკრეტულ შეფასებებთან ერთად საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერა.

,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი სააგენტოს წარმომადგენლობას. ვფიქრობ, დაგეგმილ საგრანტო პროექტს დიდი გამოხმაურება ექნება. მნიშვნელოვანია სააგენტოს ბენეფიტი პროფესიული განათლების მიმართულებითაც. ვიცით, რომ ისინი დევნილ და ეკომიგრანტ სტუდენტებს მგზავრობას უფინანსებენ. ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ვაპირებთ წახალისებულ ღონისძიებებს პროფესიული განათლების კუთხით, რაც ერთგვარი მხარდაჭერაა,” განაცხადა დავით ბახტაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ზაქრაძე, მოადგილე გიორგი მეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. დაისვა შეკითხვები, რომლებზეც დევნილებმა და ეკომიგრანტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები