რუსთავში დევნილებს ბინები გადაეცათ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავში 15 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩა N 4ა-ში მდებარე შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა. მინისტრის განცხადებით, ბინით ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რომლებსაც ყველაზე რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.
„ეს არის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც გარემონტდა და 15 ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით, ის 15 ოჯახი, რომლებიც ყველაზე მძიმე პირობებში იყვნენ. ეს საქმე ბატონ დავით დარახველიძის დაწყებული და დამთავრებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავით გარეჯის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად, დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოს სულ 312-მა აპლიკანტმა მიმართა, საიდანაც, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 15 დევნილი ოჯახი შეირჩა. კრიტერიუმების საფუძველზე, ბინების სამართლიანი განაწილების პროცესი, დევნილთა შორის ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ტერმინალმა“ ჩაატარა. ობიექტის სატენდერო ღირებულებამ 288 750 ლარი შეადგინა. შენობაში 15 ბინაა, აქედან 1-სამოთახიანი, 6-ოროთახიანი და 8-ერთოთახიანი. ზამთრის სეზონის დადგომამდე მოხდება შენობის სრული გაზიფიცირება. გაზიფიცირების პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. მინისტრი ასევე შეხვდა რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩა N1-ში მცხოვრებ დევნილებს და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მეტალურგიის საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში დევნილი ოჯახები რთულ პირობებში ცხოვრობენ.
სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა, ყველა ოჯახისათვის მოეწყობა სველი წერტილები და გამოიცვლება კარ- ფანჯრები.
„ეს არის შენობა, რომელსაც წინა მხარე მოპირკეთებული აქვს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ფასადების კეთების საქმე იყო, შიგნით ხალხი უმძიმეს პირობებშია. 37 ოჯახი ერთ კორპუსში ცხოვრობს და 27- მეორეში, თითოეულ შენობას სულ სამი სველი წერტილი აქვს, წარმოვიდგინოთ რა პირობებში ცხოვრობენ. ერთ კორპუსზე უკვე აღებული გვაქვს ვალდებულება. რუსთავის მერია და ჩვენი სამინისტრო ერთობლივად გავარემონტებთ და ჩავაბარებთ გარემონტებულს. რაც შეეხება მეორე შენობას, კრიტერიუმების მიხედვით მოსახლეობის ნაწილის გადაყვანა მოხდება სხვაგან, ნაწილისათვის სავარაუდოდ გარემონტდება შენობა. ამ ეტაპზე პირველი კორპუსის გარემონტება უკვე ჩასმულია გეგმაში. ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს რუსთავის მერიაც.
გარდა ამისა, პარალელურად აღრიცხულია ყველა ის საცხოვრებელი, სადაც გაზი არ არის შეყვანილი და პრობლემების ნაწილი წლის ბოლომდე მოგვარდება, ნაწილი შემდგომ წლებზე გაიწერება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრთან ერთად დევნილებს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი, რუსთავის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე შეხვდნენ.