“ნატო-მ რუსული გავლენის ქსელში ჩაბმული ქვეყნების მხარდაჭერას უნდა გადახედოს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, შვედეთი და ფინეთი” – ლიზ ტრასი
რუსეთთან ნატო-ს ურთიერთქმედების ეპოქა დასრულდა. დროა, უარი ვთქვათ ურთიერთობის მოძველებულ მიდგომაზე, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვახშმის დროს, – იტყობინება CNN-ი.
„ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი აღარ მუშაობს და დროა, უარი ითქვას რუსეთთან ურთიერთობის მოძველებულ მიდგომაზე“, – თქვა დიპლომატმა.
1997 წელს ხელმოწერილ აქტში ნათქვამია, რომ ნატო და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ.
“რუსეთთან ურთიერთობის ეპოქა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც მდგრადობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე იქნება დაფუძნებული”, – თქვა ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ დაუშვებს „უსაფრთხოების ვაკუუმს“ ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე და უნდა გადახედოს მხარდაჭერას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „რუსული გავლენის ქსელშია ჩაბმული“, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, შვედეთი და ფინეთი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა პარტნიორებს, გაამკაცრონ სანქციები და შეაიარაღონ უკრაინა “სწრაფად და გაბედულად, რომ პუტინის მარცხი იყოს უზრუნველყოფილი”.