მარკ მილი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი წლობით გაგრძელდება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი წლობით იომებს.
ამის შესახებ მან კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა სერიოზული საფრთხეა.
“ჩემი 42-წლიანი კარიერის განმავლობაში, ყველაზე სერიოზული საფრთხეა ევროპისა და შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”, – აღნიშნა მან.
„აშშ იმყოფება კრიტიკულ და ისტორიულ, გეოსტრატეგიულად გარდამტეხ მომენტში. ჩვენ აღმოვჩნდით სამყაროში, რომელიც სულ უფრო ცვალებადი ხდება და დიდ ძალებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება“, – თქვა მილიმ.
გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთი “აშშ-ისა და მათი მოკავშირეების დასაშინებლად დიდ და მრავალფეროვან ბირთვულ შესაძლებლობებს ინარჩუნებს”.
„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან პროვოკაციული რიტორიკა რუსეთის ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გენერალმა.
მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ აჩვენა თავისი უნარი და სურვილი, განახორციელოს “კომპლექსური და მავნე ქმედებები კიბერსივრცეში”. გარდა ამისა, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში „საშიში ისტორიული გარდამტეხი მომენტი“ შექმნა.
”მე მჯერა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება. არ ვიცი, შეიძლება, ვისაუბროთ თუ არა ათწლეულზე, მაგრამ ნამდვილად – რამდენიმე წელი. მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები, ნატო, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ამაში დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ჩართული“, – თქვა მილიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge