სტოლტენბერგი: ველოდებით რუსეთის შეტევის გააქტიურებას, იარაღით უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ნატო უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსეთის შეტევის გააქტიურებას ელოდება და ამ ფონზე იარაღით კიევის შემდგომ მხარდაჭერას აცხადებს, – ამის შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მინისტერიალის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„მოსკოვი უკრაინაში საკუთარ ამბიციებზე უარს არ ამბობს. ახლა ვხედავთ კიევიდან ჯარების მნიშვნელოვან გაყვანას გადაჯგუფების, გადაიარაღებისა და მომარაგების მიზნით, ასევე, აღმოსავლეთისკენ მათი ყურადღების გადატანას. უახლოეს კვირებში ველოდებით რუსეთის შემდგომ შეტევებს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში. ისინი შეეცდებიან მთელი დონბასის დაკავებას და ანექსირებულ ყირიმამდე სახმელეთო ხიდის გაყვანას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც უკრაინას რუსეთის ახალი შეტევა ელოდება,ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე შემდგომ მხარდაჭერაზე იმსჯელებენ.

„მოკავშირეები მტკიცედ არიან განწყობილი უკრაინას შემდგომი დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, გადასცენ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა აღჭურვილობა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო ასევე განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას კიბერთავდაცვის სფეროში, ასევე, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვას.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები