კულტურის სამინისტრო ილიკო სუხიშვილის ხსოვნასა და ღვაწლს პატივს მიაგებს

დღეს ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს..
„ილიკო სუხიშვილის სახელი ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიის განუყოფელი ნაწილი და სიამაყეა, ხოლო მისი ღვაწლი – განუზომელი. ილიკო სუხიშვილი ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი სტუდიის დასრულების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე გახდა, მოგვიანებით კი სოლისტი და დამდგმელი ქორეოგრაფი. მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის – „აბესალომ და ეთერსა” და „დაისში” (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის „ქეთო და კოტეში” (კიევი), ასევე, კავოსის ბალეტი „კავკასიელი ტყვე” (კიევი) და არაერთი სხვა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ 1945 წელს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დაარსება, რომელმაც მთელ მსოფლიოს ღირსეულად წარუდგინა და გააცნო ქართული კულტურის სიდიადე. მას უდიდესი ღვაწლისთვის არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული, მათ შორის, სახელმწიფო პრემია, სახალხო არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ასევე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ხალხური ცეკვის პროფესიულ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალის მედალი (ლონდონი, 1935).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ილიკო სუხიშვილის ხსოვნას და უდიდეს ღვაწლს ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიის განვითარებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები