შსს-ს მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი ტრენინგს გადის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, ორი თვის განმავლობაში, მომსახურების ხარისხის სტანდარტის, სტრესისა და კონფლიქტის მართვის საკითხებზე მიმდინარე ტრენინგში მონაწილეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტარდება. მათივე ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ეფექტიანი მომსახურება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, პროფესიული სტრესი, კონფლიქტები და მათი მართვის სტრატეგია.
„სწავლებაზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა როლურ თამაშებს და ლოგიკურ დავალებებს შეასრულებენ, რომელთა დახმარებით ისინი მომავალში უფრო ეფექტურად შეძლებენ მოქალაქეებთან ურთიერთობას და პროფესიული საქმიანობის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ მოქალაქეს ემსახურებიან. მარტივი, სწრაფი, სანდო და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემის უზრუნველსაყოფად მუდმივად ხდება სააგენტოს თანამშრომლების სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადება. შსს-ს მომსახურების სააგენტო, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს“, – აღნიშნავენ სამინისტროში.