მედეა ჯანიაშვილი: Gulf Hotels Group-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას

ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. „Gulf Hotels“-მა  „GINO HOLDING“-თან  მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც თბილისის ზღვაზე, „GINO HOLDING“-ის ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს მართვას დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრნენ. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოში Gulf Hotels Group-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს, როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას.

„ეს ერთი მხრივ დაგვეხმარება ქვეყანაში კიდევ უფრო გავზარდოთ მომსახურების ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტს გავუთანაბროთ,  მეორე მხრივ მნიშვნელოვნად განაპირობებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას. რა თქმა უნდა კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოახდინოს პოზიციონირება საკუთარი ტურისტული პროდუქტის და მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ ამ ქვეყნებიდან  უახლოს მომავალში“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. თბილისში აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი Gulf Aquamarine Hotel-ში 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. ადგილობრივი პერსონალი, არასეზონის დროს Gulf Hotels Group-ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები