“პუტინის სიგიჟეა” – ჟერარ დეპარდიემ უკრაინაში შეჭრისთვის კრემლის ლიდერი გააკრიტიკა
ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე, რომელიც ადრე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პერსონით აღტაცებული იყო, ამჯერად, უკრაინაში შეჭრისთვის მას მკაცრად აკრიტიკებს.
ამის შესახებ Le Figaro და Agence France-Presse წერენ.
დეპარდიემ უკრაინაში რუსეთის შეჭრას პუტინის “სიგიჟე და მიუღებელი ქმედება უწოდა”. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსი ხალხი მათი ლიდერის მიუღებელ ქმედებებზე პასუხისმგებელი არ არის.
დეპარდიემ ასევე განაცხადა, რომ აპრილის დასაწყისში პარიზში სამი კონცერტიდან შემოსულ თანხას ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელთა მხარდასაჭერად გადარიცხავს.
1-ელ მარტს დეპარდიემ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით მიმართვა გაავრცელა.
დეპარდიემ საფრანგეთი პროტესტის ნიშნად დატოვა და 2013 წლის იანვარში რუსული პასპორტი ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
2015 წელს უკრაინამ რუსეთის მოქალაქე, ჟერარ დეპარდიე “შავ სიაში” შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა.
ამის მიზეზი გახდა მსახიობის გამონათქვამები, კერძოდ: “მე მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge