თებერვლის ბოლოდან რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზეც იქონიებს – გიორგი ცუცქირიძე
“წლის პირველი ორი თვის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეს არის გარკვეული ჰანდიკაპიც მომავალი თვეების ზრდის სავარაუდო სიდიდეზე, რაც თებერვლის ბოლოდან რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზეც იქონიებს”, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გლობალური რისკების პრევენციისათვის.
“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 14.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 16.3 პროცენტია.
იანვრის შემდეგ, თებერვალშიც ექსპორტის ზრდის დინამიკა, უკვე მიანიშნებდა, რომ კვლავ ორნიშნა იქნებოდა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, ისევე როგორც იანვარში როდესაც ევროპაში ეკონომიკის ყველაზე მაღალი 18 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის ზრდა იანვარ-თებერვალში ასევე სარეკორდო 54.6 % იყო. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, გასული წლის დასაწყისთან შედარებით ექსპორტის ზრდის დინამიკა იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ 2021 წელს ექსპორტის რეკორდულმა მოცულობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის – პანდემიამდე პერიოდის (აქამდე არსებულ რეკორდულ) მოცულობას, ხოლო წლიურმა ზრდამ, ირლანდიის შემდეგ ყველაზე მაღალი 10.6 % შეადგინა.
წლის პირველი ორი თვის ზრდის მაღალი მაჩვენებელი, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეს არის გარკვეული ჰანდიკაპიც მომავალი თვეების ზრდის სავარაუდო სიდიდეზე, რაც თებერვლის ბოლოდან რეგიონში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზეც იქონიებს, ეს ექსპორტსაც ეხება, ფულად გზავნილებსაც და ტურიზმიდან მისაღებ შემოსავლებსაც და რაც საშუალებას მოგვცემს, წლის ბოლოს კვლავ მაღალი საშუალო წლიური ზრდა გვქონდეს.
მთავარ გამოწვევად კი კვლავ მაღალი ინფლაცია რჩება. რუსეთიც და უკრაინაც ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, რასაც ემატება ენერგორესურსების გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების წყვეტით ძირითად სასურსათო პროდუქციაზე ფასების მატება, რაც ისედაც მაღალ ინფლაციურ წნეხს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს.
ასეთ პირობებში, ძალზე დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთზე დაწესებული სანქციების და უკრაინული პორტების ჩაკეტვის შედეგად, ე.წ ტრანსციმბირული კორიდორის მაქსიმალურად საქართველოს კორიდორზე გადმომისამართებას, პირველ რიგში ე.წ ტრანსაზიური დერეფნის ნაწილის ჩვენთან მიერთებას.
თუ გავითვალიწინებთ რუსული ეკონომიკის მოსალოდნელ გრძელვადიან რეცესიას და მის შესაძლო გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე, მომავალ წლებში ეკონომიკური ზრდა დიდწილად სწორედ ამ ამოცანის რეალიზებაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული. ის გარემოება, რომ ქართულ პორტებზე მოთხოვნა 700 %-ით არის უკვე გაზრდილი, ამის პირდაპირი დადასტურებაა და არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა მოეწერა ხელი საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ოთხმხრივ დეკლარაციას „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის” შესახებ, რომელშიც ხაზი გაესვა საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის” ინტეგრაციისა მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვან როლსაც. 2022 – 2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება, ამასთან „საქართველოს რკინიგზა” აქტიურად მუშაობს შუა კორიდორში მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც, რაც საქართველოს დერეფნის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
გეოგრაფიულად შუა დერეფანი (Middle Corridor), რომელიც მოიცავს ცენტრალური აზია-კავკასიის სატრანსპორტო დერეფნებს, წარმოადგენს ევროპა-აზიის სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილს. 2017 წლის მონაცემებით, ევროპასა და აზიას შორის გადაზიდული კონტეინერების (TEU) მოცულობა დაახლოებით 22 მილიონს შეადგენს. აქედან 15 მილიონი TEU ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადაიზიდება და 7 მილიონი – ევროპიდან ჩინეთისკენ.
საქართველოს უჩნდება უნიკალური შანსი აბრეშუმის გზის აღდგენით განავრცოს ისტორიული რეგიონალური სახელმწიფო-ჰაბის ფუნქცია, როგორც სატრანსპორტო ისე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის კიდევ უფრო იზრდება ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელობა სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ღირებულების საქონლის წილის მკვეთრი ზრდის ტენდენცია, თავის მხრივ განაპირობებს სწრაფი გადაზიდვების კონკურენტულ უპირატესობასაც, ვინაიდან ტვირთმფლობელების შესაძლებლობის ხარჯი ძვირად ღირებულ მარაგებში მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს.
აქედან გამომდინარე, დღეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გლობალური რისკების პრევენციისათვის, შეცვლილი გეო პოლიტიკური პარადიგმაც ამაშია: რამდენადაც იზრდება შანსები ახალ რეალობაში, იმდენად მაღალია ამ შანსების დაკარგვის ალბათობაც. ეს პოლიტიკური რისკების დაზღვევასაც ეხება და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სტაბილიზაციასაც. დღეს ნებისმიერი მოწოდება ესკალაციისაკენ და ე.წ მყვირალა პატრიოტიზმით გატაცება ეს არის ქვეყნის გადაჩეხვა გრძელვადიან ქაოსში, რაც არა თუ ამ ახალ პერსპექტივას დაგვაკარგვინებს, არამედ ვშიშობ თავად სახელმწიფოებრიობასაც”,- წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.