ბრიტანეთის დაზვერვა: უახლოეს დღეებში კიევთან ინტენსიური ბრძოლებია მოსალოდნელი
უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის უახლოეს დღეებში კიევთან შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, Twitter-ზე დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემით, ცალკეული შენაერთების გაყვანის მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ამის გამო, უახლოეს დღეებში შესაძლოა, სასტიკი ბრძოლები გაიმართოს კიევის გარეუბანში.
ამასთან, დაზვერვაში არ აზუსტებენ, თუ რომელი მხარე გადავა თავდასხმაზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ჩერნიგოვოში სროლებს და სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ. ამ მიმართულებით სამხედრო აქტივობის შემცირება, რაზეც რუსულმა მხარემ სტამბოლში ისაუბრა, არ შეინიშნება.
რაც შეეხება მარიუპოლს, ბრიტანეთის დაზვერვაში ამბობენ, რომ ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება, თუმცა, მის ცენტრალურ ნაწილს უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge