რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ. ამის შესახებ BBC წერს.
უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება, იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.
უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებულნი არიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ.